საქართველოს კივის მწარმოებელთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ქართული კივი განადგურების პირასაა. მიზეზი კი ჭარბ ნალექსა და გვალვისგან გამოწვეულ ზიანთან ერთად იტალიიდან შემოსული ავადმყოფობაა, რომელსაც ფერმერები საკუთარი ძალებით ვერ უმკლავდებიან.
„იტალიიდან კივის ავადმყოფობაა შემოსული, რომელსაც ჩვენ ვერ ვუმკლავდებით და ამიტომ ძალიან დიდი რაოდენობის კულტურა ხმება. თუ ასე გაგრძელდა, მალე ქართული კივი საერთოდ აღარ იარსებებს. ჩვენ საკითხი კვლევითი ინსტიტუტების წინაშე რამდენჯერმე დავსვით, მოვიდნენ, წაიღეს ნიმუშები, მაგრამ აბსოლუტურად ნულოვანი შედეგი. თავი ვერაფერს ვერ მოაბეს, ვერ დაადგინეს, როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამ ანომალიას.
საქართველოს კივის მწარმოებელთა ასოციაციამ მინისტრთა კაბინეტის წინაშეც დასვა ასეთ საკითხი, რომ კივის რეალიზაციის მხრივ რაღაც სტანდარტი დაცულიყო, მიიღეს შესაბამისი კანონი, მაგრამ აშკარად არ მოქმედებს“,- ამბობს „კომერსანტთან“ ასოციაციის დამფუძნებელი დემურ ფიფია.
ცნობისთვის, კივის მოსავლის აღება ფერმერებმა უკვე დაიწყეს, თუმცა პროცესი აქტიურ ფაზაში ჯერ არ შესულა.