“მაკრონს ნატვრა აუხდა – როგორ ფიქრობთ, რატომ ინატრა სტრატეგიული ბუნდოვანება?” – ზურაბ გურული

ბოლო 48 საათის განმავლობაში ამერიკის უმაღლესი სამთავრობო წრეებიდან იმდენი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია გამოვიდა სთან დაკავშირებით, რომ შეუძლებელია გაერკვე კონკრეტულად რა ხდება და რა მოხდება. ადვილად პროგნოზირებად, კლასიკურ მოსაწყენ პოლიტიკას მიჩვეული და ამ თარგზე გამოწვრთვნილი ინტელექტუალები დაიბნენ. დაბნეულობას სხვადასხვა ტიპის ადამიანი განსხვავებულად ხვდება. მაგალითად, საოპერაციოში, მოულოდნელობით გაბრუებული “უმწიფარი” ქირურგი აგრესიულ ტალღაზე გადადის, ხან ინსტრუმენტს მოისვრის იატაკზე, ხან ასისტენტს ან ექთანს დაუღრიალებს, რომ საკუთარი უსუსურობა ამით გადაფაროს. “მწიფე” პროფესიონალი კი არც მეტი, არც ნაკლები ხუმრობას იწყებს; ჯერ საკუთარ თავს დასცინებს უგერგილობისათვის, მერე კი დაძაბულობის პიკი რომ გაიფანტება, გახალისებულ გუნდთან ერთად მოქმედებას იწყებს. ცხოვრების სხვა ასპექტებშიც ასეა. ადამიანის “სიმწიფე” კრიტიკულ მომენტებში მისი მოქმედებით და ქცევით ფასდება. ეს სპეც-სამსახურებმაც შესანიშნავად იციან და ამ ეფექტზე აგებენ საკუთარ პროპაგანდისტულ “ბომბებს”, სადაც “შრაპნელად” მოხალისე, პანიკიორ იდიოტებს იყენებენ. დაახლოებით ერთი წლის წინ თქვა პრეზიდენტმა მაკრონმა : -ახლა მსოფლიოში ისეთი სიტუაციაა, სტრატეგიული ბუნდოვანება გვჭირდებაო -. მაკრონს ნატვრა აუხდა. ისე, როგორ ფიქრობთ, რატომ ინატრა სტრატეგიული ბუნდოვანება საფრანგეთის პრეზიდენტმა? აგერ სამი წელია ვაკვირდებით უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ყოველგვარი ბუნდოვანების გარეშე. მსოფლიო პოლიტიკა კლასიკური ჩარჩოებიდან არცერთხელ არ გამოსულა. ყველაფერი გასაგები და ადვილად პროგნოზირებადი იყო. გაამართლა? ახლა კი არავის არანაირი პროგნოზი არა აქვს. იცით რატომ? იმიტომ რომ ცდილობენ კლასიკური პოლიტიკური ფორმულებით განჭვრიტონ მომავალი და ეს ფორმულები ამჟამინდელ სიტუაციაში ისეთივე უსარგებლოა, როგორც კლასიკური მექანიკის კანონები კვანტურ მექანიკაში. სხვა განზომილებასთან გვაქვს საქმე. კარგია თუ ცუდი ეს ახალი განზომილება, ჩვენ არ ვიცით; ვიცით მხოლოდ ის, რომ ამ განზომილებაში ვართ და იქედან ვერ გამოვალთ. როგორ იქცევა ამ განზომილებაში ქართული მოაზროვნე სექტორის გადამწყვეტი უმრავლესობა? როგორ და “უმწიფარი” ქირურგივით. გაანჩხლებული ისვრის “ინსტრუმენტებს” იატაკზე და ლანძღავს უდანაშაულო “ასისტენტებს”. და ეს მაშინ, როდესაც მთავარ იმედად ამერიკული დახმარება მოიაზრება, ლანძღავს ამჟამინდელ ამერიკულ განზომილებას და ნიჰილიზმსა და აგრესიას აგრძელებს. მათ, ვისაც არ სურთ “შრაპნელად” ემსახურონ ფსბ-ს პროპაგანდისტულ “ბომბებს”, ცოტა მეტი დაფიქრება მართებთ. გაიცინეთ, იხუმრეთ, საკუთარი უგერგილობა გაამასხრეთ და მერე გზაც გამოჩნდება. გახსოვდეთ, სტრატეგიული ბუნდოვანება უმძლავრესი ფსიქოლოგიური იარაღია, თუკი სწორად გამოიყენებ.