საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უნგრეთის ოპოზიციის ლიდერს, პეტერ მადიარს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
ამის შესახებ მაკრონი X-ზე წერს.
“ახლახან ველაპარაკე პეტერ მადიარს, რათა უნგრეთში გამარჯვება მიმელოცა!
საფრანგეთი მიესალმება დემოკრატიული მონაწილეობის, ევროკავშირის ღირებულებებისადმი უნგრელი ერის ერთგულებისა და ევროპისადმი უნგრეთის ერთგულების გამარჯვებას.
მოდით, ერთად ვიაროთ წინ უფრო სუვერენული ევროპისკენ, ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებისთვის, ჩვენი კონკურენტუნარიანობისთვისა და ჩვენი დემოკრატიისთვის”. – წერს მაკრონი.
ცნობისთვის, წინასწარი შედეგებით, უნგრეთის ოპოზიციურ პარტიას, Tisza-ს პარლამენტში სუპერუმრავლესობის, ანუ მანდატების ორი მესამედის, მოსაპოვებლად საკმარისი ხმა აქვს. სუპერუმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში Tisza-ს კონსტიტუციის შეცვლა შეეძლება.
ხმათა ახლანდელი განაწილებით, Tisza-ს 199-კაციან პარლამენტში 138 მანდატი აქვს, მმართველი პარტიის კოალიციას კი – 54. მესამე ადგილს Mi Hazank იკავებს – 7 მანდატით.
ორბანმა არჩევნებში მარცხი აღიარა: შედეგი მტკივნეულია, მაგრამ ნათელია
პარალელურად, უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში მხარდამჭერებთან გამოსვლისას საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა და ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, “არჩევნების შედეგი მტკივნეულია, მაგრამ ნათელია”.
ორბანმა დაამატა, რომ Fidesz უნგრეთის მსახურებას ოპოზიციიდან განაგრძობს და “არასდროს დანებდება”.
მანამდე, ოპოზიციის ლიდერმა, პეტერ მადიარმა Facebook-ზე დაწერა, რომ ორბანმა მას დაურეკა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.