საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 2024 წლის მაისში ევთანაზიის შესახებ კანონპროექტის პარლამენტში წარდგენას გეგმავს. ამაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანგულ გამოცემებთან – Liberation-თან და Le Choix-თან ინტერვიუში ისაუბრა. მაკრონის თქმით, მთავრობის პროექტი პარლამენტს ევთანაზიის პროცესის გამარტივებას შესთავაზებს.
გავრცელებული ინფორმაციით, კანონპროექტი მოიცავს გარკვეულ მძიმე მდგომარეობაში, ზრდასრული ადამიანებისთვის ევთანაზიის მოთხოვნის შესაძლებლობას. როგორც ცნობილია, კანონპროექტი გავრცელდება პალიატიურ და მძიმე, განუკურნებელი დაავადებების მქონე პაციენტებზე, რომელთაც გადაწყვეტილების მიღება შეეძლებათ. “სიკვდილში სამედიცინო დახმარების” მიღება არ შეეძლებათ არასრულწლოვანებს და ფსიქიატრიული ან ნეიროდეგენერაციული დაავადებების მქონე პაციენტებს, მაგალითად ალცჰაიმერის მქონე ადამიანებს.
ევთანაზიის შესახებ კანონპროექტზე კომენტარი გააკეთა საფრანგეთის პრემიერმინისტრმა გაბრიელ ატალმაც და დაწერა, რომ სიკვდილი აღარ უნდა იყოს ტაბუირებული თემა. აღსანიშნავია, რომ მაკრონი უარს ამბობს ტერმინ ევთანაზიაზე ან სამედიცინო დახმარებით სუიციდზე და იყენებს სიტყვებს – დახმარება სიკვდილში, რადგან მისი თქმით, ასე უფრო მარტივი და ჰუმანურია.