მაკრონი პრემიერმინისტრის პოსტიდან გაბრიელ ატალის გადადგომის თხოვნას დათანხმდა

საფრანგეთის პრეზიდენტი პრემიერმინისტრის პოსტიდან გაბრიელ ატალის გადადგომას დათანხმდა. გაბრიელ ატალმა გადადგომის მოთხოვნა ოფიციალურად ემანუელ მაკრონს საპარლამენტო არჩევნებში მეორე ადგილზე გასვლის შემდეგ, 8 ივლისს წარუდგინა, თუმცა მაშინ მაკრონი ამ მოთხოვნას არ დათანხმდა და ატალს სთხოვა, ქვეყნის სტაბილურობისთვის დროებით პრემიერმინისტრის პოზიციაზე დარჩენილიყო. გაბრიელ ატალს თანამებობიდან ოფიციალურად გადადგომის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
მემარცხენე ალიანსს, რომელმაც არჩევნებზე პირველი ადგილი დაიკავა, ჯერჯერობით პრემიერმინისტრობის კანდიდატურა არ წარუდგენიათ, ამის გამო, გაბრიელ ატალი და მისი კაბინეტის მინისტრები ახალ გენერალურ ასამბლეასთან ერთად დროებით გააგრძელებენ მუშაობას.
ელისეის სასახლის განცხადებაში, მაკრონი მოუწოდებს ყველა “რესპუბლიკურ პოლიტიკურ ძალას” მთავრობის შესაქმნელად თანამშრომლობისკენ. მაკრონის სიტყვები “რესპუბლიკური პოლიტიკური ძალები” გამორიცხავს მარინ ლე პენის ეროვნულ ერთობას და რადიკალურ მემარცხენე ქედმოუხრელ საფრანგეთს. ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორი კოალიცია ჩამოაყალიბებს ახალ მთავრობას საფრანგეთში.
30 ივნისს და 7 ივლისს საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები ორ რაუნდად ჩატარდა. პირველ ადგილზე გასულმა მემარცხენე კოალიციამ, ახალმა სახალხო ფრონტმა 188 მანდატი მოიპოვა, ემანუელ მაკრონის კოალიციამ – 161, ხოლო მარინ ლე პენის ნაციონალისტურმა ეროვნულმა ერთობამ, პირველ ტურში ლიდერობის მიუხედავად, 142. საბოლოო შედეგების მიხედვით მთავრობის ჩამოყალიბებას და პრემიერმინისტრის დანიშვნას დამოუკიდებლად ვერც ერთი კოალიცია ახერხებს. ამგვარ გადაწყვეტილებებს საპარლამენტო უმრავლესობა – 289 მანდატი სჭირდება