კომპანიის ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, 2023 წელს დასრულდა ახალი ქარხნის მშენებლობა. ჩაიდო ახალი ინვესტიცია, საწარმო სრულად გადაიარაღდა და კომპანიამ შეისყიდა ახალი დანადგარები. მისი თქმით, წარმოებული პროდუქციიდან, მოხალული მზესუმზირა და სიმინდის ბურბუშელა ყველაზე მოთხოვნადია.
„2023 წელს დასრულდა ახალი, ორსართულიანი ქარხნის მშენებლობა, რომელიც მოიცავს ადმინისტრაციულ კორპუსს, პერსონელის გასახდელებს, დასასვენებელ სივრცეს, ნედლეულის და მზა პროდუქციის სასაწყობე სივრცეს და მეორე სართულზე წარმოების სივრცეს. ჩაიდო ახალი ინვესტიცია, გადაიარაღდა სრულად საწარმო, შევისყიდეთ და დავამონტაჟეთ გაუმჯობესებული მოსახალი და დამფასოებელი ახალი დანადგარები.
ვაწარმოებთ უმარილო და მარილიან მოხალულ მიწის თხილს, მზესუმზირას (მათ შორის გარჩეულ, მოხალულ მზესუმზირას) და გოგრის მარცვალს. ასევე, კომპანიის ერთ-ერთი მიმართულებაა ბრენდი „ტასიკო“, რომლის სახელის ქვეშაც ვაწარმოებთ სიმინდის ბურბუშელას. ამასთანავე, გვაქვს მოხალული სიმინდის ბარბექიუ და ბარბექიუ მარილით.
მზა პროდუქციის დასამზადებლად ვიყენებთ ევროპულ ტექნოლოგიას და სტანდარტებს, გარკვეული პერიოდულობით სამუშაო ვიზიტით ვიწვევთ საკონდიტრო მიმართულების ევროპელ ტექნოლოგებს, რომლებიც გვიზიარებენ მათ ცოდნას ამ სფეროში. გვაქვს საწარმოო ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია ყველა სათანადო აპარატურით – უვნებელი და ხარისხიანი პროდუქტის წარმოების გასაკონტროლებლად.
კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციიდან, მოხალული მზესუმზირა და სიმინდის ბურბუშელა ყველაზე მოთხოვნადია“.
როგორც ეკა გიგაურმა აღნიშნა, მიმდინარე წლის ბოლომდე, იგეგმება ასორტიმენტის გამრავალფეროვნება და ახალი პროდუქციის დამატება.
„წლის ბოლომდე, იგეგმება ახალი პროდუქციის (სნექი) დამატება, რის შესახებაც სულ მალე გახდება ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის. სნექი – ტკბილი მოხალული სიმინდი იქნება“.
კომპანია მომდევნო წლისთვის ამერიკის ბაზარზე შესვლასაც გეგმავს.
„რამდენიმეჯერ დავტესტეთ პროდუქციის გატანა ამერიკაში, სიმინდის ბურბუშელა გადიოდა. გვყავს პარტნიორები, რომლებთან მუშაობასაც ვგეგმავთ სამომავლოდ.
ამერიკის თემა შესაძლოა წლის ბოლოსთვის ვერ მოესწროს, შესაბამისად მომდევნო წლისთვის უფრო იგეგმება. საექსპორტო პროდუქცია კვლავაც სიმინდის ბურბუშელა იქნება, ვინაიდან დიდი პოპულარობით სარგებლობდა ამერიკის ბაზარზეც“.