მაკკეინის ინსტიტუტი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსი“ „ქართული ოცნების“ მთავრობის საქმიანობას ავტოკრატიულს უწოდებენ და შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის მოკავშირეებს მის წინააღმდეგ ქმედებისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ ამ ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც “ამერიკის ხმა” ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 22 მაისს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში, აღნიშნული ორგანიზაციები შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის მოკავშირეებს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ მიიღონ შემზღუდავი ზომები და სანქციები დაუწესონ საქართველოს ხელისუფლების სათავეში მყოფი, “ქართული ოცნების” ოფიციალურ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს.
ერთობლივი განცხადების მიხედვით, ხელმომწერი ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ პარტია “ქართული ოცნება” საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას საფრთხის ქვეშ აყენებს.
“მოვუწოდებთ შეერთებულ შტატებსა და მის ევროპელ მოკავშირეებს, დაუყოვნებლივ დაუწესოს სამოგზაურო შეზღუდვები და ფინანსური სანქციები იმ ინდივიდებს, ვინც პასუხისმგებელია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური მიზანსწრაფვისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაზე. მათ შორის, “ქართული ოცნების” მაღალი დონის ოფიციალურ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს. შეერთებული შტატები უნდა დადგეს ქართველი ხალხის გვერდით და “ქართული ოცნების” მთავრობის ავტოკრატიული ქმედებების წინააღმდეგ.
დემოკრატიაზე მიტანილი ბოლო შეტევის მაგალითი 14 მაისია, როდესაც საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა დრაკონული “უცხოეთის აგენტების” კანონი, რომელიც იძულებულს გახდის ქართულ ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, თავი გამოაცხადონ “ორგანიზაციებად, რომლებიც უცხოეთის ძალების ინტერესებს ემსახურება”.
კანონი ახშობს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას იმით, რომ ხელისუფლების პოტენციური კრიტიკოსები დაუცველი აღმოჩნდებიან გადაჭარბებული რეგულაციების პირისპირ, რაც დამღუპველ ჯარიმებს მოასწავებს იმ ორგანიზაციებისა თუ კერძო პირებისთვის, ვინც მათ არ დაიცავს. ეს კანონმდებლობა, რომელიც კრემლის კანონის სარკისებური ანარეკლია და რუსეთში განსხვავებული აზრისა და ოპოზიციის ჩასახშობად შეიქმნა, გამანადგურებელ გავლენას იქონიებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასა და მის დემოკრატიაზე.
კვირებია, ასობით ათასი ქართველი გამოდის ქუჩებში, რათა მშვიდობიანად გააპროტესტოს ძალაუფლების ეს ავტორიტარული მიტაცება. ქართველი ხალხი აცნობიერებს, რომ ეს კანონი მათი უფლებებისა და თავისუფლებებისთვის შექმნილ, ერთ-ერთ ბოლო საფრთხეს წარმოადგენს და ისინი გარკვევით ამბობენ, რომ საქართველოს მომავალი ევროპასთან ერთად, დემოკრატიაშია, და არა რუსეთთან ერთად, რეპრესიებში. ამასობაში, საქართველოს მთავრობამ მათ ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით, [აქციების] დარბევით უპასუხა, პოლიციისა და უსაფრთხოების სხვა სამსახურების სასტიკი იერიშებითა და უამრავი მშვიდობიანი მომიტინგის დაშავებით.
ამ კანონის დამტკიცება “ქართული ოცნების” მხრიდან გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას ცდილობს.
2008 წელს, საქართველოში რუსეთის შეჭრისთანავე, სენატორმა ჯონ მაკკეინმა ცნობილი ფრაზა წარმოთქვა: “ჩვენ ყველანი ქართველები ვართ”. დღეს, ჩვენი ორგანიზაციებიც აგრძელებენ ქართველი ხალხის გვერდით დგომას, რომლებიც თავისუფალ და დემოკრატიულ მომავალს ითხოვენ”, – ნათქვამია განცხადებაში, რომლის თარგმანსაც “ამერიკის ხმა” ავრცელებს.