„მაკდონალდს საქართველოს“ ზუგდიდის რესტორნის დირექტორი ნანა კვიციანი რეი კროკის საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა. პრესტიჟული ჯილდო „მაკდონალდსის“ რესტორნების დირექტორებს ყოველწლიურად გადაეცემათ რესტორნის საუკეთესო ფუნქციონირების, გუნდის ეფექტური მართვისა და მომხმარებლებისთვის კომფორტული გარემოს შექმნისთვის.
ნანა კვიციანი „მაკდონალდსის“ გუნდს 2015 წელს, ზუგდიდის ფილიალის გახსნის პირველივე დღიდან სვინგ მენეჯერის პოზიციაზე შეურთდა. მიზანდასახულობისა და შრომის შედეგად ნანა რამდენიმე წელში ჯერ დირექტორის ასისტენტის, შემდეგ კი დირექტორის პოზიციაზე დაწინაურდა და თითქმის 10 წელია „მაკდონალდსის“ გუნდთან ერთად, ყოველდღიურად ზრუნავს კომპანიის მთავარ ღირებულებებზე – ხარისხიანი სერვისის დანერგვასა და მომხმარებელთა კმაყოფილებაზე.
„დაახლოებით 10 წლის წინ, როცა „მაკდონალდსის“ გუნდს შევუერთდი, ალბათ ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ამ დიდ წარმატებას მივაღწევდი და ერთ დღესაც მსოფლიოს მასშტაბით, მაკდონალდსის რესტორნების მენეჯერთა იმ 1%-ში მოვხვდებოდი, ვისაც ეს აღიარება ხვდა წილად. ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის ეს უდიდესი მიღწევა და ამავდროულად, ერთგვარი პასუხისმგებლობაა, რომ მომავალშიც ამ სტანდარტების დაცვით გავაგრძელოთ მუშაობა“, – აღნიშნავს ნანა კვიციანი.
„მაკდონალდსის“ რესტორნების დამფუძნებლის, რეი კროკის სახელობის პრესტიჟული ჯილდო მსოფლიო მასშტაბით იმ მენეჯერების წვლილის აღიარებაა, რომლებიც რესტორნის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ოპერირებას, დასაქმებულთა სწორ მენეჯმენტსა და მომხმარებელთა ხარისხიანი სერვისის შეთავაზებას უზრუნველყოფენ.
რეი კროკის ჯილდო ნანა კვიციანს ბარსელონაში გამართულ მასშტაბურ ღონისძიებაზე გადაეცა, სადაც „მაკდონალდს საქართველო“ რეგიონში ერთადერთი კომპანია გახდა, ვის თანამშრომელსაც საერთაშორისო აღიარება ხვდა წილად.
„მაკდონალდსმა ბევრი რამ მასწავლა, ბევრი უნარი გავიუმჯობესე და დიდი გამოცდილება დავაგროვე. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც აქ ვისწავლე არის ის, რომ შეუძლებელი არაფერია. თუ მოინდომებ და მიზანს დაისახავ, ასაკის, პოზიციისა და გამოცდილების მიუხედავად, ყველაფერი გამოგივა. „მაკდონალდსში“ ყურადღებისა და დაფასების მიღმა არც ერთი თანამშრომლის მონდომება არ რჩება. აქ დასაქმებულ თითოეულ ადამიანს კომპანია პროფესიული განვითარების ყველა პირობას გვიქმნის, რაც ჩემი და ჩემი უამრავი კოლეგის წარმატებას განაპირობებს“, – ამბობს ნანა კვიციანი.
„მაკდონალდს საქართველოს“ გენერალური დირექტორის თენგიზ კაპანაძის თქმით, თანამშრომლებისთვის საუკეთესო სამუშაო გარემოსა და ჯანსაღი ატმოსფეროს შექმნა, მათ პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა არის იმის მთავარი საფუძველი, რის გამოც „მაკდონალდს საქართველოს“ არაერთი პრესტიჟული ჯილდო და აღიარება აქვს მოპოვებული გლობალური მასშტაბით.
„გასული წლების მსგავსად, ჩვენი თანამშრომლები წელსაც ხდებიან პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს მფლობელები. მორიგი აღიარება ჩვენს კომპანიას და ქვეყანას „მაკდონალდსის“ ზუგდიდის რესტორნის დირექტორმა ნანა კვიციანმა მოუტანა, რომელსაც ვულოცავ ამ წარმატებას. მიხარია, რომ ნანას პროფესიონალიზმი, გუნდის ეფექტიანი მართვა, მენეჯერული უნარ-ჩვევები, ზუგდიდის რესტორნის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ოპერირება ]შეუმჩნეველი არც მსოფლიო მასშტაბით დარჩა და ნანამ დამსახურებული ჯილდო მიიღო“, – ამბობს „მაკდონალდს საქართველოს“ კომპანიის გენერალური დირექტორი თენგიზ კაპანაძე.
25-წლიანი ისტორიის განმავლობაში „მაკდონალდს საქართველოს“ და მის თანამშრომლებს არა ერთი გლობალური ჯილდო აქვთ მიღებული, მათ შორის რეი კროკის საერთაშორისო ჯილდო „მაკდონალდს საქართველოს“ რესტორნების დირექტორებისთვის რიგით მეხუთეა. წელსვე კომპანიას საერთაშორისო აღიარება მოუტანა ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარიამ ლაზარაშვილმაც, რომელიც პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს Shining Light Award-ის 2023 წლის გამარჯვებული გახდა.
მსოფლიო მასშტაბით მიღწეული ყველა ეს წარმატება ნათლად უსვამს ხაზს კომპანიის მთავარ ფასეულობებს – მომხმარებელსა და თანამშრომლებზე ზრუნვას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „მაკდონალდს საქართველო“ ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია.