გუშინ საღამოს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერს სტუმრობდა ქ-ნი მაკა ბოჭორიშვილი, რომელმაც აუდიტორიასთან ერთად ე.წ. “აგენტების კანონის” შესახებ იმსჯელა.
ცხადია, როგორც ამ ტელევიზიის მესვეურებს ახასიათებს ხოლმე, უკიდურესად სასიამოვნო, კომფორტული გარემო შეუქმნეს ხელისუფლების წარმომადგენელს, ბედნიერად აგრძნობინეს თავი საპარლამენტო ლიდერს, ეკრანზე კინაღამ პეპლების ფარფატის ვიდეო გაუშვეს, დაბალ ხმაზე ჩიტების ჟღურტულის ხმაც რომ ჩაერთოთ, ურიგო არ იქნებოდა … თუმცა, ასეთ სიტუაციაშიც შესაძლებელია მთავარი კითხვების დასმა. დიდი მადლობა პროფესორ ბერეკაშვილს, რომელმაც, ჩემი აზრით, გადაცემის მთავარი კითხვა დასვა. გაბედა და დაიცვა სამოქალაქო საზოგადოების უდიდესი ნაწილი და უარი თქვა ცალმხრივობაზე. მოდით, გლეხურ ენაზე გადმოვთარგმნოთ ბ-ნი ბაქარის კითხვა და მისი ურთულესი ენობრივი აპარატი . პროფესორმა აღნიშნა: 1. არსებობენ დომინანტი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა იმპერიული ცენტრების ინტერესებს ატარებენ. 2. ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ძირითადად ლიბერალურ და ნეოლიბერალურ იდეოლოგიას, ტენდენციებს ემსახურებიან. 3. ამ არასამთავრობო ორგანიზაციების (რომელთა რაოდენობა, ჩემი აზრით, თითებზე ჩამოსათვლელია) დომინაციას მხოლოდ კოლოსალური ფინანსური მხარდაჭერა არ ქმნის. ხელისუფლებაც მხოლოდ მათ აღიარებს, მათ ელაპარაკება, მათ ცნობს. 4. დომინანტი არასამთავრობო ორგანიზაციების პარალელურად არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც საჯარო სიკეთეს ემსახურებიან, აკეთებენ იმ საქმეს, რომელსაც წესით სახელმწიფო უნდა აკეთებდეს. 5. რატომ უნდა ჩავყაროთ ყველა ერთ კალათაში? რატომ ვანიჭებთ მთელს სექტორს სტიგმას? რამდენად სამართლიანია ამგვარი ქმედება? ამავე ეთერში მცირე, სუსტი, უსუსტესი მინიშნება გაკეთდა ორგანიზაციების სხვადასხვა ჯგუფებად (შეურაცხმყოფელი სახელდების გარეშე) დაყოფაზე. ვთქვათ, შევიმუშაოთ კრიტერიუმები და ორგანიზაციები დავყოთ ლობისტებად, პოლიტიკურ ინტერეს-ჯგუფებად (პარტიებთან დაკავშირებული NGO-ები), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებად და ისინი სხვადასხვა სარეგულაციო დისციპლინას დავუქვემდებაროთ. თუმცა, ყველაზე მთავარი ქ-ნი მაკას პასუხი იყო. უდავოდ ჭკვიანი ქალია, მაგრამ ძალიან სულელურად მიედ-მოედო რაღაცებს. ბოლოს ისიც კი თქვა, რატომ აქვს “უცხოური ძალის ინტერესების გამტარობას” ნეგატიური შინაარსიო, სულაც სიტყვა “საუცხოო” ქართულში ხომ გადასარევს ნიშნავსო… გვიმრაძეც კი არ დაეთანხმა. მოკლედ, ქ-ნი მაკა ჩაიჭრა !!!
როცა განათლებული, კულტურული ქალი ხარ, ასე არ უნდა დაიმცირო, გაიუფასურო (“გაიპუსწიაკო”) თავი.
http://