მსგავსი განცხადებები კიდევ ერთხელ ხელს უწყობს საქართველოზე ცრუ ნარატივების გავრცელებას,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რითაც ევროპის 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საერთო განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, განცხადებები, სადაც გაკეთებულია აპელირება არჩევნებზე და ისინი დაკავშირებულია სამართლებრივ პროცესებთან, ემსახურება იმას, რომ „კიდევ ერთხელ გავრცელდეს და გამყარდეს ცრუ ნარატივები საქართველოს შესახებ“.
„მსგავსი განცხადებები კიდევ ერთხელ ხელს უწყობს საქართველოზე ცრუ ნარატივების გავრცელებას. ეს წერილი ერთგვარად გადაფარვაა იმ განცხადების, რომელიც გაკეთდა პრეზიდენტის მიერ და რომელიც მიმართული იყო სწორედ იმისკენ, რომ არჩევნებს არაფერმა შეუქმნას საფრთხე, არჩევნებთან დაკავშირებით არ არსებობდეს რაიმე შემაფერხებელი გარემოებები, თუ კი ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის ეს მნიშვნელოვანია და თუ მათთვის საერთოდ არის მნიშვნელოვანი არჩევნებში მონაწილეობა, არჩევნების გზით დემოკრატიის ნაწილად ყოფნა. პრეზიდენტის მხრიდან ეს განცხადება გაკეთებულია, ეს არის ქართული პოლიტიკური პროცესის შემადგენელი ნაწილი. განცხადებები, რომელიც ჩვენ გვესმის, სადაც გაკეთებულია აპელირება არჩევნებზეა და ისინი დაკავშირებულია სამართლებრივ პროცესებთან, ერთადერთ რამეს ემსახურება, რომ კიდევ ერთხელ გავრცელდეს და გამყარდეს ცრუ ნარატივები საქართველოს შესახებ“,-განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ინფორმაციისთვის, საქართველოსთან დაკავშირებით 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომლებიც მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, „დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში ყველა შესაბამის მხარესთან“.
