მაკა ბოჭორიშვილი: ხვალ ველოდები, რომ ბრიტანეთის ელჩი მოვა საგარეო საქმეთა სამინისტროში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის ელჩი, გარეტ უორდ ხვალ, 26 თებერვალს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ამის შესახებ მინისტრმა “რუსთავი 2”-ის გადაცემა “ღამის კურიერში” ისაუბრა.

ბოჭორიშვილის განცხადებით, ელჩისგან მოითხოვენ განმარტებას, თუ რა იყო ქართული ტელევიზიების დასანქცირების საფუძველი.

“ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ბრიტანეთის მხარესთან. ხვალ ველოდები, რომ ბრიტანეთის ელჩი მოვა საგარეო საქმეთა სამინისტროში. ჩვენ მოვითხოვთ განმარტებას, თუ რა არის საფუძველი ასეთი გადაწყვეტილების, რომ ქართული ტელევიზიები [დასანქცირდნენ]. გარდა იმისა, რომ სიტყვის თავისუფლებაზე და სიტყვის თავისუფლების სტანდარტებზე ვსაუბრობთ და მედიაზეა საუბარი, როდესაც სანქციებზეა საუბარი, ამას სჭირდება ძალიან მტკიცე სამართლებრივი საფუძვლები”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, 24 თებერვალს, დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს – „იმედსა“ და POSTV-ს სანქციები დაუწესა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და POSTV-ის სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“. დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის დისკვალიფიკაციას მოიცავს. სანქციების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ “იმედი” და POSTV „რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას განზრახ ავრცელებენ თავიანთ აუდიტორიაში, რომელიც ძირითადად საქართველოშია წარმოდგენილი“.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია: ტრანსლაცია საერთაშორისო (თანამგზავრული თუ ინტერნეტ) პლატფორმების მეშვეობით შეწყდება. ვერც საკაბელო ტელევიზიებში ვეღარ იქნებიან… იხილება დასანქცირებული “იმედისა“ და POSTV-ის გაერთიანება „რუსთავი2“-თან