საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 32-ე შეხვედრაზე სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ რუსეთი განაგრძობს საქართველოს განუყოფელი ნაწილების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაციას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების უხეში დარღვევით.
„საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20%-ი დღემდე ოკუპირებულია და რუსეთი კვლავ აგრძელებს არალეგალურ სამხედრო ყოფნას. ოკუპაციის შედეგები მძიმეა: ეთნიკური წმენდა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევები, წამებისა და მკვლელობის ტრაგიკული შემთხვევები და ასიათასობით იძულებით გადაადგილებული პირი, რომლებიც ათწლეულებია იმედით ელიან საკუთარ სახლებში დაბრუნებას”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკაზე და ამ კონტექსტში, მინისტრმა ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელოვან როლს, საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგის მექანიზმების არსებობის მნიშვნელობას.
„გამოვხატავთ მადლიერებას ჩვენი პარტნიორების მიმართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. უმნიშვნელოვანესია, რომ რუსეთ–საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება ეუთო-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დღის წესრიგის მთავარ პრიორიტეტთა შორის იყოს”, – განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რუსეთის მხრიდან შესრულების აუცილებლობას.
მაკა ბოჭორიშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ კიდევ უფრო გააძლიერა ის საფრთხეები, რომელთა წინაშეც საქართველო დგას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ქვეყანას არ იცავს არანაირი კოლექტიური უსაფრთხოების ქოლგა და საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების და პროცესების წინააღმდეგ დეზინფორმაციის კამპანიები მიმდინარეობს.
„საქართველო აგრძელებს სტაბილურობის გამყარებას საკუთარი დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვისა და მდგრადობის გაძლიერებით, ჰიბრიდული საფრთხეების, დეზინფორმაციისა და ჩვენი სუვერენიტეტის შერყევისკენ მიმართული ნებისმიერი მცდელობის საპასუხოდ“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
რეგიონში არსებულ ვითარებაზე საუბრისას, მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ „საქართველო მტკიცედ განაგრძობს მშვიდობისა და რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობას და მზადაა, იმუშაოს ყველა პარტნიორთან საერთაშორისო სამართლის აღსრულების, სუვერენიტეტის დაცვის და სამხრეთ კავკასიასა და ეუთო-ს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად”.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, 8 აგვისტოს, ვაშინგტონში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია სამხრეთ კავკასიაში განგრძობადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად და მყარ საფუძველს ქმნის რეგიონში გრძელვადიანი სტაბილურობისა და განვითარების ახალი შესაძლებლობებისთვის.
“ნება მომეცით, ვისარგებლო შემთხვევით და მივესალმო ისტორიულ სამშვიდობო შეთანხმებას – „მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის”, რომელიც ვაშინგტონში იქნა მიღწეული შეერთებული შტატების პრეზიდენტის შუამავლობით“, – განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა კვლავ დაადასტურა საქართველოს ერთგულება ეუთო-ს პრინციპებისადმი.




