საქართველოს რეგიონების ოკუპაციას არ აქვს არც გამართლება და არც საფუძველი. ოკუპაციას აქვს მძიმე შედეგები ჩვენი ქვეყნის და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებისთვის. ოკუპაციას აქვს მძიმე შედეგები ხალხისთვის, რომელიც მოკლებულია საკუთარი უფლებების რეალიზების შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ, ჩვენი ყველას ვალდებულებაა, საერთაშორისო წესრიგი დავიცვათ, ვიყოთ საერთაშორისო სამართლის პრინციპების ერთგული და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვეძიოთ მშვიდობა და გზა მშვიდობისკენ სწორედ სამართლის პრინციპების დაცვით გავიაროთ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარესთან, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, უკანონო სამხედრო ყოფნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებას.
„ეუთოს თავმჯდომარეობის ტრადიციული ვიზიტი საქართველოში არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერის დასტური და ეუთოს დღის წესრიგისთვის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის მნიშვნელობის ხაზგასმა.
არსებულ მეტად რთულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში საქართველოსთვის ეუთოს ფარგლებში თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, მე მსურს მადლობა გადაგიხადო იმისთვის, რომ ეუთოს ფინეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში თქვენ ეწვიეთ საქართველოს. ხვალ თქვენ მოინახულებთ საოკუპაციო ხაზს, პირადად ნახავთ, რამდენად ხილულია და რამდენად ახლოს არის ის საფრთხეები, რაზეც დღეს ჩვენ ვისაუბრეთ შეხვედრის ფარგლებში და რაზეც საქართველოს ხელისუფლება მუდმივად საუბრობს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.
საქართველოს რეგიონების ოკუპაციას არ აქვს არც გამართლება და არც საფუძველი. ოკუპაციას აქვს მძიმე შედეგები ჩვენი ქვეყნის და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებისთვის. ოკუპაციას აქვს მძიმე შედეგები ხალხისთვის, რომელიც მოკლებულია საკუთარი უფლებების რეალიზების შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ, ჩვენი ყველას ვალდებულებაა, საერთაშორისო წესრიგი დავიცვათ, ვიყოთ საერთაშორისო სამართლის პრინციპების ერთგული და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვეძიოთ მშვიდობა და გზა მშვიდობისკენ სწორედ სამართლის პრინციპების დაცვით გავიაროთ.
საქართველოს ხელისუფლების მთავარი მამოძრავებელი სწორედ მშვიდობის უზრუნველყოფისთვის და სტაბილურობისთვის ბრძოლაა. ამ პროცესში ყველა ნაბიჯი არის მნიშვნელოვანი.
ვისარგებლებ შემთხვევით და გამოვეხმაურები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაცია ვალდებული იქნება, გადაუხადოს 253 მილიონზე მეტი ქართულ მხარეს დარღვეული უფლებებისთვის. ასეთი გამარჯვებები მნიშვნელოვანია ჩვენი საბოლოო მიზნის მისაღწევად მშვიდობიანი გზით. ჩვენს ბრძოლაში მშვიდობის უზრუნველყოფისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
დღეს ჩვენ ვისაუბრეთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე, როგორც მნიშვნელოვან ფორმატზე, რომელშიც ეუთოს წარმომადგენელიც არის ჩართული. კიდევ ერთხელ მსურს, ხაზი გავუსვა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების მნიშვნელობას. საერთაშორისო ნორმების უგულებელყოფა და სუვერენიტეტის დარღვევა, ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები არ უნდა დარჩეს საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მიღმა. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ საქართველოში არ იყოს გამყოფი ხაზები, რომელიც ყოფს ოჯახებს, საზოგადოებასა და ჩვენს ქვეყანას.
უკანონო სამხედრო ყოფნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებას.
შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებაზე. საქართველო ყოველთვის იყო და რჩება მშვიდობისა და სტაბილურობის ადვოკატად და ხელშემწყობად ჩვენს რეგიონში“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
