სამარყანდში, UNESCO-ს გენერალური კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბახტიორ საიდოვს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურულ-ჰუმანიტარული, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების დინამიკა, რაც ხელს უწყობს საქართველოსა და უზბეკეთს შორის კავშირების განვითარებას ყველა სფეროში. მინისტრებმა ისაუბრეს ევროპისა და აზიის დაკავშირებადობის კუთხით, საქართველოს უმნიშვნელოვანეს როლსა და შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებზე.
კმაყოფილებით აღინიშნა, რომ ბოლო წლებში, გაიზარდა საქართველო- უზბეკეთს შორის სავაჭრო ბრუნვა და ასევე, საქართველოში უზბეკი ვიზიტორების რაოდენობა. განსახილველ საკითხებს შორის იყო რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. მინისტრებმა ამ მიმართულებით ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.




