მაკა ბოჭორიშვილი: მივესალმებით სომხეთის პარტნიორობის გაძლიერებას ევროკავშირთან და აშშ-სთან

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სტატუსით სომხეთში იმყოფება. მან სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიესალმება მეზობელი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებას ევროკავშირთან და -სთან.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით სომხეთის პარტნიორობის გაძლიერებას და გაღრმავებას ევროკავშირთან და აშშ-სთან. ეს ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი და მისასალმებელია რეგიონისთვის და რა თქმა უნდა, მოხარულები ვართ, რომ ამ მიმართულებით ვითარდება ჩვენი მეზობელი ქვეყნის ურთიერთობები პარტნიორებთან“, – თქვა მაკა ბოჭორიშვილმა.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სომხეთმა აშშ-სთან და ევროკავშირთან დასაახლოებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა:
· სომხეთის მთავრობამ 9 იანვარს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა;
· 14 იანვარს აშშ-მა და სომხეთმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს.
მაკა ბოჭორიშვილი „ქართული ოცნების“ წარმოამდგენელია – ამ პარტიის მმართველობის პერიოდში აშშ-მა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა შეუწყვიტა, მმართველი პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს კი დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრისთვის, ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის ხელის შეშლისთვის სანქცია დაუწესა.
„ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიიღო კანონები, რომლებიც მნიშვნელოვნად აუარესებს გამოხატვის თავისუფლებას, უმცირესობის უფლებებსა და პრობლემურია მათ მიმართ კრიტიკული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ამ მიზეზით ევროკავშირის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია.
მას შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში არღარ დააყენებდა ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
მას შემდეგ, უკვე ორ თვეზე მეტია უწყვეტად იმართება ხალხმრავალი აქციები, სადაც პოლიციამ იძალადა დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე. არცერთი მოძალადე პოლიციელი დაკავებული არაა.
28 ნოემბრის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის წესით დააკავა 45 ადამიანი. ყველა მათგანს მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრება.
გუშინ, 29 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, 2025 წლის აპრილამდე გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და დანიშნოს ახალი საპარლამენტო . ამასთან, დღევანდელი გადაწყვეტილებით, „ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილება „შეზღუდული უფლებებით“ ცნეს.
კრიტიკული რეზოლუციის შემდეგ „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ თავად წყვეტდნენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას.
„ვწუხვარ საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილების გამო, გავიდეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან… ეს საფრთხეს უქმნის დიალოგს, რომელიც ხელს შეუწყობდა საქართველოში დემოკრატიული სტანდარტების გაუმჯობესებას“, – თქვა PACE-ს პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა სტრასბურგში საქართველოსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების შემდეგ.
ფორუმი