მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს თავმჯდომარეს: თქვენ მოინახულებთ საოკუპაციო ხაზს და პირადად ნახავთ, რამდენად ხილულია ის საფრთხეები, რაზეც საქართველოს ხელისუფლება საუბრობს
არსებულ მეტად რთულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში, საქართველოსთვის ეუთო-ს ფარგლებში თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ეუთო-ს თავმჯდომარეობის ტრადიციული ვიზიტი საქართველოში არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერის დასტური და ეუთოს დღის წესრიგისთვის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის მნიშვნელობის ხაზგასმა, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ელინა ვალტონენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალში – არსებულ მძიმე მდგომარეობაზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით.
„საქართველოს რეგიონების ოკუპაციას არ აქვს არც გამართლება და არც საფუძველი. ოკუპაციას აქვს მძიმე შედეგები, ჩვენი ქვეყნის და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებისთვის. ოკუპაციას აქვს მძიმე შედეგები ხალხისთვის, რომელიც მოკლებულია საკუთარი უფლებების რეალიზების შესაძლებლობას. ხვალ თქვენ მოინახულებთ საოკუპაციო ხაზს და პირადად ნახავთ, რამდენად ხილულია და რამდენად ახლოსაა ის საფრთხეები, რაზეც ჩვენ დღეს ვისაუბრეთ შეხვედრის ფარგლებში და რაზეც საქართველოს ხელისუფლება საუბრობს მუდმივად საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ეუთო-ს ფარგლებში.“ – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სწორედ საერთაშორისო თანამეგობრობისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების კონსოლიდირებული მიდგომა არის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი არსებულ გამოწვევებზე სათანადო რეაგირებისა და მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. „საქართველოს ხელისუფლების მთავარი მამოძრავებელი სწორედ მშვიდობის უზრუნველყოფისთვის და სტაბილურობისთვის ბრძოლაა. ჩვენს ბრძოლაში მშვიდობის უზრუნველყოფისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ.“- აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რუსეთის მხრიდან შესრულების აუცილებლობას და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების მნიშვნელობას. მისი თქმით, საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულვებელყოფა, ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევა და ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები არ უნდა დარჩეს საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მიღმა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე, როგორც მნიშვნელოვან ფორმატზე, რომელშიც ეუთო-ს წარმომადგენელიც არის ჩართული.
მინისტრის თქმით, რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მშვიდობისა და სტაბილურობის აუცილებლობას და ამ კონტექსტში, საქართველოს მუდმივ მზადყოფნას ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებას და მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფას.
მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს განსაკუთრებულ როლზე ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში და დაკავშირებადობის აქტუალურობაზე და ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც სატრანზიტო და ლოგისტიკური რეგიონული ცენტრის მნიშვნელობას. „პოტენციალი, რომელიც არსებობს სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები თუ ინფრასტრუქტურული პროექტები ჩვენი რეგიონის მნიშვნელობას კიდევ უფრო კარგად წარმოაჩენს.“ – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა გააგრძელოს აქტიური მუშაობა ეუთოს დამოუკიდებელი ინსტიტუტების ფარგლებში. „ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ საქართველოში არ იყოს გამყოფი ხაზები და მავთულხლართები, რომელიც ყოფს ოჯახებს, საზოგადოებას და ჩვენს ქვეყანას.“- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
პრესკონფერენციის დასასრულს, კითხვა-პასუხის ნაწილი გაიმართა, რომელშიც საგარეო საქმეთა მინისტრებმა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.
აღსანიშნავია, რომ ეს გახლავთ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი საქართველოში.
ვიზიტის ფარგლებში, ელინა ვალტონენი საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი კობახიძეს შეხვდება. ასევე, ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.
