საგარეო საქმეთა მინისტრი ამტკიცებს, რომ უცხოელ დიპლომატებს თავს არავინ ესხმის და არც რაიმე შეურაცხყოფას აქვს ადგილი. ამასთან, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოსა და ბრიუსელს შორის გაუარესებულ ურთიერთობაზე პასუხისმგებლობას ისევ ევროპელ პარტნიორებს აკისრებს და ირწმუნება, რომ სწორედ ისინი ესხმოდნენ თავს ქართულ სახელმწიფოს.
საქართველოში არავინ ლანძღავს და არავინ ესხმის თავს უცხოელ დიპლომატებს. პირიქით, ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ იმ ურთიერთობებს, რა ურთიერთობებიც საქართველოს აქვს წლების განმავლობაში განვითარებული ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს მეგობრებთან და არაერთხელ ხაზგასმით გვითქვამს, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომლის წინაშეც დღეს დგას საქართველო, მიუხედავად, პირიქით, იმ თავდასხმებისა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ქართულ სახელმწიფოზე, ქართულ დემოკრატიაზე, ჩვენ ვრჩებით მეგობრების რეჟიმში ჩენს პარტნიორებთან, რაც სჭირდება ჩვენი ქვეყნის მომავალს, – თქვა მაკა ბოჭორიშილმა.




