მაისში Netflix-ზე ბუზთა ბატონი გამოდის

უილიამ გოლდინგის დისტოპიურ კლასიკაზე დაფუძნებული ოთხეპიზოდიანი სერიალი Netflix-ზე 4 მაისს გამოდის, BBC-ის გადაღებული მინი-სერიალი ინგლისელი სკოლის მოსწავლეების ჯგუფის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც უკაცრიელ კუნძულზე აღმოჩნდებიან.
ბავშვები, რომლებიც სრულიად მარტო, მეთვალყურეობის გარეშე დარჩნენ, თავიდან ცდილობენ ამ საზარელ სიტუაციას ცივილიზებულად გაუმკლავდნენ, თუმცა მალე ტომები ყალიბდება და მათ შორის ძალუფლებისთვის სასტიკი ბრძოლა იწყება.
ფოტო: BBC / Netflix
ბუზთა ბატონი ლიტერატურული ფენომენია, რომელიც ბრიტანელმა მწერალმა უილიამ გოლდინგმა დაწერა და პირველად 1954 წელს გამოიცა. გოლდინგი 1911 წელს კორნუოლში დაიბადა. მის სადებიუტო რომანს თავდაპირველად სხვა სახელი ერქვა, თუმცა გამომცემლობამ ვარიანტები შესთავაზა და საბოლოოდ Lord of the Flies (ბუზთა ბატონი) შეირჩა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გამოქვეყნებული რომანის წერისას გოლდინგს უკვე ჰქონდა ადამიანური სისასტიკის გამოცდილება, ომის დროს ის სამეფო საზღვაო ძალებში მსახურობდა. ომამდე და ომის კი სკოლის მასწავლებელი იყო, რაც მას ახალგაზრდების ბუნებისა და ხასიათის უკეთ გაგებაში დაეხმარა, და ეს პერსონაჟების შექმნაშიც აისახა.
ფოტო: BBC / Netfli
გოლდინგმა სიცოცხლეშივე მიიღო ბუკერის პრემია და ნობელის პრემია ლიტერატურაში, ხოლო 1988 წელს დედოფალმა ელისაბედ მეორემ რაინდის ტიტულიც მიანიჭა.
გოლდინგი 1993 წელს გარდაიცვალა, თუმცა მისი ნამუშევრებს დღემდე უამრავი მკითხველი ჰყავს და ბუზთა ბატონი ათწლეულების განმავლობაში ინგლისური ენის სასწავლო პროგრამის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტექსტად რჩება.
წიგნი ქართულადაც არის ნათარგმნი, პირველად ბუზთა ბატონი 1986 წელს გივი გაჩეჩილაძემ თარგმნა და “მსოფლიო კლასიკის” სერიაში გამოიცა, ახლახან კი, ბუზთა ბატონი, 2022 წელს, ნინო ქაჯაიას თარგმანით, სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა.
ასევე ნახეთ: თუ Adolescence მოგეწონათ, ნახეთ BBC-ის ახალი მინი-სერიალი — ბუზთა ბატონი