მაისში იმერული ხაჭაპურის მომზადება წლიურად გაძვირდა, აპრილთან შედარებით კი გაიაფდა

ბათუმის გარდა, ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულება აპრილთან შედარებით მაისში ყველა რეგიონში შემცირდა.
„2024 წლის მაისში ქვეყნის მასშტაბით ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 5.83 ლარი შეადგინა. ყოველთვიური კლების ტენდენცია მაისშიც გაგრძელდა და ხაჭაპურის ღირებულება წინა თვესთან შედარებით 6.5%-ით შემცირდა, თუმცა წლიურ ჭრილში – 2023 წლის მაისთან შედარებით – ხაჭაპურის ინდექსი 1.3%-ით გაიზარდა.
2024 წლის მაისში ხაჭაპურის ინგრედიენტებისთვის ყველაზე ძვირად ღირებული ბაზარი თბილისი აღმოჩნდა. აქ ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულებამ 6.47 ლარი შეადგინა, რაც 11%-ით აღემატება ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს. ამის საპირისპიროდ, ყველაზე იაფად ხაჭაპურის მომზადება ქუთაისშია შესაძლებელი, სადაც ერთი სტანდარტული ხაჭაპური 4.91 ლარი ღირს. ფასის სხვაობა დანახარჯების მიხედვით ყველაზე ძვირიან (თბილისსა) და იაფ (ქუთაისს) ქალაქებს შორის 1.56 ლარია.
თვიურ ჭრილში ინდექსი საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში შემცირდა, გამონაკლისი მხოლოდ იყო. ყველაზე დიდი, 15.5%-იანი კლება ქუთაისში დაფიქსირდა. ინდექსის აღნიშნული ვარდნა ნედლი რძის წარმოების ტრადიციულ, სეზონურ ტენდენციას მიყვება. როგორ წესი, საქართველოს სხვა მხარეებთან შედარებით, ყველის ფასის სეზონური რყევები ყველაზე მეტად ქუთაისში იგრძნობა. აღნიშნული შეიძლება იმით აიხსნას, რომ იმერეთი ქვეყნის უმსხვილესი რძის მწარმოებელი რეგიონია, სადაც რძის წარმოების სეზონის დაწყებისთანავე ფასები მცირდება,“ – აღნიშნულია ISET-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ISET-ის „ხაჭაპურის ინდექსი“ იმ კალათას იყენებს ინფლაციის დასაანგარიშებლად, რომელიც მხოლოდ იმერული ხაჭაპურის გამოსაცხობად საჭირო ინგრედიენტებს შეიცავს. ესაა: ფქვილი, ყველი, საფუარი, რძე, კვერცხი და კარაქი. ინდექსი მოიცავს გაზის და ელექტროენერგიის ხარჯებსაც. „ხაჭაპურის ინდექსის“ შთაგონების წყარო ჟურნალ Economist-ის „ბიგ მაკის“ ინდექსია – ქვეყანაში ინფლაციის მარტივი და გამჭვირვალე ინდიკატორი.