ჩეხეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, თეა მაისურაძე აცხადებს, რომ რეჟიმისთვის მიუღებელია ყველა, ვინც ემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და არა რუსეთის ინტერესებს. ასე ეხმაურება ის ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ გაერთიანებული ერების მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის გამოწვევას.
მაისურაძის განცხადება:
“ზურაბ პოლოლიკაშვილი, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა, გენერალურ დირექტორად 2017 წელს აირჩიეს. ეს იყო და არის ჩვენი ქვეყნის უდიდესი წარმატება, რადგან საერთაშორისო დონეზე, ასეთ მაღალ პოზიციაზე საქართველოს წარმომადგენელი არ ყოლია. ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის თავად ზურას პიროვნულ ფაქტორს. მე, იმ დროს, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი, აქტიურად ვიყავი ჩართული აღნიშნულ კამპანიაში.
ქვეყნები, მსოფლიოს მასშტაბით, უდიდეს ძალისხმევას დებენ იმაში, რომ საერთაშორისო ფორმატებში, განსაკუთრებით მაღალ და მნიშვნელოვან პოზიციებზე მაქსიმალურად იყვნენ წარმოდგენილები. ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველოსთვის ტურიზმი მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით ქვეყნის უდიდესი პოტენციალის გათვალისწინებით. შესაბამისად, მხოლოდ ის ფაქტიც კი, რომ ჩვენს ქვეყანას ყავდა თავისი წარმომადგენელი ამ პოზიციაზე, იყო უკვე დიდი წინგადადგმული ნაბიჯი, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რაც ზურას აქვს გაკეთებული საქართველოში ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის. აი ამ ყველაფრის ფონზე, ხდება ზურაბ პოლოლიკაშვილის, თითქმის უკვე გამარჯვებული კანდიდატის კანდიდატურის მოხსნა.
მესამე ვადით არჩევნებში მონაწილეობა დასაშვებია გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში და შესაბამისი პრეცედენტიც არსებობს.
რაც შეეხება რეჟიმის მითითებებს და გადაწყვეტილებებს, რეჟიმისთვის მიუღებელია ყველა, ვინც ემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და არა რუსეთის ინტერესებს”, – წერს ის.
ფორმულას ეთერში პოლოლიკაშვილმა ერთ-ერთ ვერსიად, თუ რატომ მოხსნა ქართულმა ოცნებამ მისი კანდიდატურა, თეა მაისურაძის ფაქტორი დაასახელა. კერძოდ, პოლოლიკაშვილის თქმით, მან მაისურაძე, კამპანიაში დახმარების მიზნით, რამდენიმე თვის განმავლობაში თანამშრომლად აიყვანა. ამან, მისი განცხადებით, ოცნებაში “ისტერიკა” გამოიწვია, რის გამოც მაისურაძემ თანამდებობა თავისი ინიციატივით დატოვა.
