ენერგეტიკულ ბირჟაზე აპრილ-ივნისში ვაჭრობა გააქტიურებულია. პირველი აპრილიდან 24 ივნისის ჩათვლით თითქმის 90 მლნ კვტ.სთ-ის ელექტროენერგიაა ბირჟაზე გაყიდული 12.5 თეთრად. ბირჟის გენერალური დირექტორის ირაკლი გალდავას გათვლებით, ივლისამდე გაყიდული დენის მოცულობა 115 მლნ კვტ.სთ-მდე გაიზრდება. დღეის მდგომარეობით საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე ჯამში 24 მყიდველი და გამყიდველია რეგისტრირებული.
“როგორც მოსალოდნელი იყო აპრილიდან გააქტიურდა ვაჭრობა, ამის მიზეზი არის ერთი მხრივ ის რომ გაიზარდა წარმოების შესაძლებლობები. ჩვენი ელექტროსადგურები მეტ ენერგიას აწარმოებენ, ამას გარდა, გაჩნდა დამატებითი ელექტროსადგურები, რომლებსაც აქვთ უფლება გაყიდონ ელექტროენერგია, როგორც ორმხრივი ხელშეკრულებით, ასევე ბირჟაზე. ეს არის გარანტირებული შესყიდვის მქონე სადგურები, რომლებიც უკვე გამოვიდნენ თავისუფალ ბაზარზე გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებიდან. შესაბამისად, ბაზარზე უკვე გაჩნდა დიდი რაოდენობით ელექტროენერგია და გაჭირდა ორმხრივი ხელშეკრულებებით ელექტროენერგიის მყიდველების მოძიება. ამიტომ ელექტროენერგიის მწარმოებლებმა დაიწყეს ბირჟაზე აქტიურად ენერგიის შეთავაზება. ეს აისახა უკვე შედეგებზე და ვხედავთ, რომ უკვე აპრილი, მაისი, ივნისი საკმაოდ დიდი რაოდენობით ვაჭრობა ხდება თუ შევადარებთ თუნდაც მთელ წინა წელს. მაისსა და ივნისში ორჯერ და უფრო მეტი ენერგია იყიდება, ვიდრე მთელი 2024 წლის მანძილზე”, – ამბობს გალდავა.
კითხვაზე აქტიურ ვაჭრობას როდემდე ელიან, ბირჟის ხელმძღვანელი გვპასუხობს, რომ ვაჭრობა შესაძლოა ისე აქტიურად არა, თუმცა ივლისშიც გაგრძელდება.
“აგვისტო არის ის პერიოდი, როცა მცირდება ადგილობრივი წარმოება და ასევე გარანტირებული შესყიდვის მქონე სადგურები უკვე ენერგიას აღარ ყიდიან თავისუფალ ბაზარზე ან ორმხრივი ხელშეკრულებით, ისინი დენს უკვე ესკოს ყიდიან საბალანსო ელექტროენერგიად”, – ამბობს ის.
