„მაინცდამაინც უნდა მაწამონ? პოლიცია არ უნდა გაგინებდეს“ — აქციაზე დაკავებული თამარ ლორთქიფანიძე

სასამართლოში თამარ ლორთქიფანიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის განხილვა მიმდინარეობს. დღეს, 15 დეკემბერს, წინასასამართლო სხდომა გამართა მოსამართლე ლელა კალიჩენკომ.
თამარ ლორთქიფანიძე 22 ოქტომბერს დააკავეს. ის კიდევ ერთი ქალი პატიმარია, რომლის მიმართ წარდგენილ ბრალში პოლიციელის მიერ განცდილი ტკივილი ფიგურირებს. საუბრობს პოლიციის მხრიდან შეურაცხყოფაზე.
„იყო შეურაცხყოფა, გინება ჩემი მისამართით. გადი-გამოდიოდნენ პოლიციელები, ნიღბიანები და მაგინებდნენ. მაინცდამაინც უნდა მაწამონ? ეს არის ძალიან დიდი შეურაცხყოფა და არავის აქვს ამის უფლება, მითუმეტეს პოლიციას. რომელიც ადამიანის უფლებებს უნდა იცავდეს, განა უნდა გაგინებდეს“, — თქვა მან სასამართლოში.
ლორთქიფანიძის მიმართ წარდგენილი ბრალი მცირედი შემოკლებით ასე გამოიყურება:
„არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ჩაიდინა პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. 22 ოქტომბერს საღამოს საათებში, რუსთაველის გამზირზე, თავს დაესხა დეპარტამენტის ბალანსზე რიცხულ ავტომანქანას, ავიდა სახურავზე და ფეხების არაერთგზის დარტყმით დააზიანა სახურავი და ძრავის სახურავი. მიყენებულმა ზიანმა 3300 ლარი შეადგინა.
იმავე დღეს ჩაიდინა ცემა, ფიზიკურად იძალადა შალვა რაზმაძის მიმართ და ხელები არაერთხელ ჩაარტყა სახეში, რის შედეგადაც შალვა რაზმაძემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიადგა ზიანი შუბლის არეში.“
წინასასამართლო სხდომა დღეს არ დასრულებულა, საქმეს, თვითაცილების საფუძველზე, დღეს ჩამოშორდა საზოგადოებრივი ადვოკატი. თამარ ლორთქიფანიძის დაცვას ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი აგრძელებს, რომელმაც საქმის მასალების გაცნობისთვის რამდენიმე დღე ითხოვა.
თამარ ლორთქიფანიძე, „ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებებზე ზემოქმედების რისკის“ საფუძველზე, წინასწარ პატიმრობაში რჩება. მას შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
სასამართლო თამარ ლორთქიფანიძის წინააღმდეგ ადმინისტრაციულ საქმესაც განიხილავს. იმავე 22 ოქტომბერს, მას აქციაზე „გზის ხელოვნურად გადაკეტვასაც“ ედავებიან. თამარ ლორთქიფანიძის ამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანი მსჯელობს და სხდომა ხვალ, 16 დეკემბერს გაიმართება.