უკრაინელებს აქვთ უფლება საპასუხო დარტყმა მიაყენონ იმ სამიზნეებს, საიდანაც იბომბება მათი ქალაქები, სოფლები, იღუპებიან მოქალაქეები, – ამის შესახებ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სპეციალურმა თანაშემწემ, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების ხელმძღვანელმა მაიკლ კარპენტერმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ამერიკის ხმის“ უკრაინულ რედაქციასთან კარპენტერი საუბრობს იმაზე, რომ უკრაინელებმა თეთრ სახლს თხოვნით მიმართეს, გამოიყენონ ამერიკული იარაღი საზღვრის მეორე მხარეს იერიშის მისატანად.
„პრეზიდენტმა ამ საქმის შესწავლა ეროვნული უშიშროების თავის გუნდს დაავალა და ახალი მითითება ამოქმედდა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, გათვალისწინებულია ხარკოვის რეგიონზე მიმდინარე თავდასხმა, ის კონტექსტი, რომ უკრაინაზე იერიშების განმახორციელებელი იარაღი, მისი სისტემები სწორედ საზღვრის მეორე მხარესაა განლაგებული. პრეზიდენტმა მისცა უფლება უკრაინას, გამოიყენონ ამერიკული მიწოდებული იარაღი საპასუხო ცეცხლის გასახსნელად“, – ამბობს კარპენტერი.
ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსი დირექტორი განმარტავს, რომ შეზღუდვა კვლავ მოქმედებს შორი რადიუსის სარაკეტო სისტემებზე, რომელთა გამოყენებაც კიევს რუსეთის წინააღმდეგ კვლავ არ შეეძლება. თუმცა, შეცვლილი პოლიტიკით, უკრაინელებს შეეძლებათ ამერიკული იარაღით მიზანში ამოიღონ რუსეთის საზღვრის მეორე მხარეს, მათი „თავშესაფარი” – ის, საიდანაც აქამდეც უკრაინელებს უტევდნენ და საპასუხო ცეცხლს არ იღებდნენ.
კარპენტერი ხაზგასმით განმარტავს, რომ მითითება შეიცვალა მხოლოდ „საზღვრის გასწვრივ მდებარე თავდასხმითი იარაღის წინააღმდეგ საპასუხო ცეცხლის გასახსნელად“ და ის არ ეხება ე.წ. „ატაკმსებს“, ან შორი რადიუსის სხვა სისტემების გამოყენებას.
„ეს არის ამერიკის და პირადად პრეზიდენტის მხრიდან კიდევ ერთი დადასტურება იმის, რომ ჩვენ ერთგულად ვუჭერთ მხარს უკრაინას და საშუალებას ვაძლევთ უკრაინელებს დაიცვან თავიანთი ქალაქები, სოფლები, დასახლებები, რომლებიც ბოლო ორწელიწადნახევრის განმავლობაში, რუსეთის სასტიკი აგრესიის სამიზნე იყო“, – განმარტავს მაიკლ კარპენტერი.
შეკითხვაზე, იცვლება თუ არა ამერიკის პოლიტიკა უკრაინის დახმარების თაობაზე ერთგვარად უფრო რეაქციული პოლიტიკიდან მეტად პროაქტიული მიმართულებით, მაიკლ კარპენტერი ამბობს, რომ შეერთებული შტატები თავიდანვე ლიდერობდა კიევის დახმარების მსოფლიო ძალისხმევას. მათ შორის ე.წ. რამშტაინის ფორმატს, ოფიციალურად „უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფს“ და ცდილობდა უკრაინისთვის ყველა იმ შესაძლებლობის მობილიზებას, რაც მას რუსულ აგრესიასთან გასამკლავებლად სჭირდებოდა.
„უკრაინას აქვს გაერო-ს ქარტიის 51 მუხლით გარანტირებული უფლება და ვალდებულება დაიცვას თავი ამ აგრესიის წინააღმდეგ. ჩვენ ძალ-ღონე არ დაგვიშურებია იმისთვის, რომ მიგვეწოდებინა მისთვის, თუ არ ვცდები, 81 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება ამ ომის დაწყებიდან. მათ შორის 51 მილიარდი სამხედრო დახმარების სახით“, – განმარტავს თეთრი სახლის უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების ხელმძღვანელი.
კარპენტერის თქმით, ბრძოლის ველზე ცვლილებები უკრაინისთვის მიწოდებული დახმარების ცვლილებასაც იწვევს. ამასთან, რუსეთიც იღებს დახმარებას ისეთი მოკავშირეებისგან, როგორიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა. გამუდმებით განიხილება ის, თუ რისი მიწოდება შეუძლიათ ამერიკას და მის მოკავშირეებს კიევისთვის მისი საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლადაც. „ჩვენ გვესმის, რომ ხშირად ეს თავდასხმები სასტიკია, ხშირად მჭიდროდ დასახლებულ, ურბანულ გარემოში, როგორიცაა ხარკოვი, ოდესა, დნიპრო და სხვა ქალაქები. ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია ამ რისკების შესამცირებლად საჰაერო თავდაცვის საშუალებების მიწოდებით“, – აცხადებს პრეზიდენტ ბაიდენის სპეციალური თანაშემწე და თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების ხელმძღვანელი “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში.
მაიკლ კარპენტერმა ივლისში ვაშინგტონში დაგეგმილ ნატო-ს საიუბილეო სამიტზეც ისაუბრა და თქვა, რომ წელს უკრაინისთვის გაწევრიანების თაობაზე „მოწვევის“ გადაცემა არ იგეგმება, რადგან ამაზე ალიანსში კონსენსუსი ჯერ არ არსებობს, მაგრამ კიევი ივლისში ძალიან მნიშვნელოვან „შედეგებს“ მიიღებს. მათი ნაწილი გასული დღეების განმავლობაში პრაღაში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმაც განიხილეს.