მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ რუსეთს ბრალს დებს მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებისთვის ძირის გამოთხრის მცდელობაში. ამაზე ინფორმაციას Politico ავრცელებს.
Politico-ს ინფორმაციით, მოლდოვის პრეზიდენტი, აცხადებს, რომ კრემლი ასობით მილიონ ევროს ხარჯავს მოლდოვის საპარლამენტო არჩევნების გასაყალბებლად, ხმების საყიდლად, ხალხში ცრუ ინფორმაციის გასავრცელებლად და შიშის დასათესად.
„თუ რუსეთი მოლდოვაზე კონტროლს მოიპოვებს, შედეგები დაუყოვნებელი და საშიში იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი რეგიონისთვის. ყველა მოლდოველი დაზარალდება, მიუხედავად იმისა, ვის მისცა ხმა“, – აცხადებს სანდუ, მედიის ცნობით.
Politico-ს ინფორმაციით, სანდუ ივლისშიც საუბრობდა მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში, მოსკოვის ჩარევის მცდელობაზე.
მოლდოვის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა სტანისლავ სეკრიერუმ, აგვისტოში Politico-სთან განაცხადა, რომ რუსეთი ყალბი მედიასაშუალებებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ცდილობდა საზღვარგარეთ მცხოვრებ მოლდოველებზე მანიპულირების მიზნით.
მედიის ინფორმაციით, ორშაბათს ჩატარებულ ბრიფინგზე სეკრიერუმ განაცხადა – “რუსეთის არჩევნებში ჩარევა მოლდოვაში არ არის მხოლოდ დეზინფორმაცია, კიბერშეტევები ან ამომრჩევლის მოსყიდვა. მოსკოვი ასევე ამზადებს და ხელმძღვანელობს ძალადობას“.
ამავე ინფორმაციის თანახმად, ორშაბათს მოლდოვის პოლიციამ მასობრივი რეიდები ჩაატარა და დააკავა 100-მდე ადამიანი, რომლებსაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი არეულობის მოწყობის მომზადებაში ადანაშაულებენ.
კვირას მოლდოვაში მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები იმართება, რომელშიც პროდასავლელი მაია სანდუს პოლიტიკური ძალა პრორუსულ ოპოზიციას უპირისპირდება.
ავტორი: ნინა სიგუა
