მაია სანდუს არჩევნებში გამარჯვება საერთაშორისო საზოგადოება ულოცავს

მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს მეორე ვადით არჩევას საერთაშორისო საზოგადოება ულოცავს.
სანდუს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცეს ევროკავშირის ლიდერებმა, ასევე ევროკავშირის სახელმწიფოების მეთაურებმა.
„მოლდოველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ნდობა თქვენი ხელმძღვანელობისადმი და ერთგულება სტაბილურობისა და ევროპული მომავლის მიმართ“, – დაწერა X-ზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა.
Congratulations, dear President @sandumaiamd, on your victory in Moldova’s presidential election. The people of Moldova have reaffirmed their trust in your leadership, stability and commitment to a European future. 🇪🇺🇲🇩 https://t.co/SJbAT87xZj — Charles Michel (@CharlesMichel) November 4, 2024
საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა მაიას სანდუს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმაც, რომელმაც მის გამბედაობას გაუსვა ხაზი.
„იშვიათი ძალა სჭირდება იმ გამოწვევების გადალახვას, რომლებსაც გადააწყდით ამ არჩევნებში. მოხარული ვარ, რომ გავაგრძელებ თქვენთან მუშაობას მოლდოვისა და მისი ხალხის ევროპული მომავლისთვის“, – დაწერა ურსულა ფონ დერ ლაიენმა X-ზე.
Congratulations, dear @sandumaiamd, on your victory tonight. It takes a rare kind of strength to overcome the challenges you’ve faced in this election. I’m glad to continue working with you towards a European future for Moldova and its people. pic.twitter.com/YcCurwhpCq — Ursula von der Leyen (@vonderleyen) November 3, 2024
მაია სანდუს გამარჯვებას ულოცავს ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლაც.
„მან [მაია სანდუ] გამოავლინა არაჩვეულებრივი გამბედაობა და ლიდერობა თავისი ხალხის მხარდასაჭერად. ევროპა გააგრძელებს მოლდოვის გვერდით დგომას ამ გზაზე“, – დაწერა რობერტა მეცოლამ X-ზე.
Congratulations Madame President 🇪🇺🇲🇩@sandumaiamd, who led the charge for democracy, rule of law & a European future, is re-elected President. She has shown extraordinary courage & leadership to stand up for her people. Europe will keep standing with Moldova on this journey. pic.twitter.com/b0ZTDWyVYd — Roberta Metsola (@EP_President) November 3, 2024
საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით,მაია სანდუს არჩევით, მოლდოველებმა ევროპული მომავლის მიმართ თავიანთ გადაწყვეტილება აჩვენეს.
„მთელი გულით ვულოცავ მაია სანდუს მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. მოლდოველებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს თავიანთი გადაწყვეტილება ააშენონ ევროპული მომავალი, მიუხედავად ჰიბრიდული მცდელობებისა, ძირი გამოუთხარონ დემოკრატიას“, – დაწერა ჯოზეფ ბორელმა X-ზე.
I wholeheartedly congratulate @sandumaiamd for her victory in the presidential elections in #Moldova. Moldovans have shown once again their determination to build a European future despite hybrid attempts to undermine democracy. pic.twitter.com/YdVQLv8NFJ — Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) November 4, 2024
მაია სანდუს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმაც.
„მაია სანდუ მოლდოვის რესპუბლიკას ხელმძღვანელობდა რთულ პერიოდში და დაადგინა თავისი ქვეყნის ევროპული კურსი. ჩვენ მხარს ვუჭერთ მოლდოვას ამაში. გილოცავთ პრეზიდენტად ხელახლა არჩევას!“ – დაწერა ოლაფ შოლცმა X-ზე.
.@sandumaiamd hat die Republik Moldau sicher durch schwere Zeiten gesteuert und den europäischen Kurs ihres Landes gesetzt. Dabei stehen wir an Moldaus Seite. Herzlichen Glückwunsch zur erneuten Wahl als Präsidentin! https://t.co/vRZEz8pbIL — Bundeskanzler Olaf Scholz (@Bundeskanzler) November 4, 2024
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, მოლდოვაში დემოკრატიამ გაიმარჯვა.
„მინდა მივულოცო მაია სანდუს ხელახალი არჩევა მოლდოვის ხელმძღვანელად. დემოკრატიამ გაიმარჯვა ყოველგვარ ჩარევასა და მანევრირებაზე. საფრანგეთი გააგრძელებს მოლდოვას გვერდით დგომას მის ევროპულ გზაზე“, – დაწერა ემანუელ მაკრონმა.
Dans ce moment décisif pour la Moldavie et avec elle, pour notre Europe, je veux adresser aux citoyens moldaves un message de courage et d’espoir. La voie de l’Europe est celle de la liberté et de la démocratie, les fondations d’un futur partagé. Unis nous sommes plus forts. — Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) November 1, 2024
გარდა ამისა, მაია სანდუს ხელახლა პრეზიდენტად არჩევა მიულოცეს პოლონეთის, ბალტიის ქვეყნების, ბელგიის და სხვა სახელმწიფოების მეთაურებმა.
მაია სანდუს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„უკრაინა მხარს უჭერს მოლდოველი ხალხის ევროპულ არჩევანს და მზად არის ერთად იმუშაოს ჩვენი პარტნიორობის გასაძლიერებლად. მოლდოველებმა მკაფიო არჩევანი გააკეთეს – მათ აირჩიეს გზა ეკონომიკური ზრდისა და სოციალური სტაბილურობისკენ.
მხოლოდ ჭეშმარიტ უსაფრთხოებასა და მშვიდობიან, გაერთიანებულ ევროპას შეუძლია უზრუნველყოს თითოეული ადამიანისა და ოჯახის ნდობა, რომ შეხვდეს ხვალინდელ დღეს იმედით და რწმენით“, – დაწერა X-ზე ვოლოდიმირ ზელენსკის.
Congratulations to @sandumaiamd on winning the presidential election in Moldova. Ukraine supports the European choice of the Moldovan people and stands ready to work together to strengthen our partnership. Moldovans have made a clear choice—they chose a path toward economic… — Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) November 4, 2024
მაია სანდუს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც. მისი თქმით, მოლდოვის არჩევნები საქართველოს მოპარული არჩევნების საუკეთესო „მტკიცებულებაა“.
„რუსეთის მსგავსი ჩარევისა და მასიური გაყალბების მიუხედავად, მოლდოვა 300 000-მა ემიგრანტმა ამომრჩეველმა გადაარჩინა… ჩვენი 1 000 000-იანი ძლიერი დიასპორა აიკრძალა. ხმის მიცემის „ნება“ ჰქონდა მხოლოდ 34 000-ს”, – დაწერა X-ზე სალომე ზურაბიშვილმა.
მაია სანდუსთვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ჯერჯერობით არ მიულოცავს საქართველოს მთავრობას. თავად „ქართულ ოცნებას“ ამ დრომდე საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება დასავლეთიდან მხოლოდ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მიულოცა.
მოლდოვაში კვირას, 3 ნოემბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, პროდასავლელმა მაია სანდუმ გაიმარჯვა. მან არჩევნების მეორე ტურში დაამარცხა ალექსანდრ სტოიანოგლუ, რომელსაც მოლდოვის პრორუსული სოციალისტური პარტია უჭერს მხარს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბიულეტენების 98%-ის დათვლის შემდეგ, სანდუ არჩევნებს 54,35%-ით იგებს. მოლდოვაში საარჩევნო უბნების დახურვისას აქტივობა 54,07% იყო, რაც პირველი ტურის შედეგებზე მეტია. ამ დროის მონაცემებით კი, როდესაც როგორც მოლდოვაში, ისე მის საზღვრებს გარეთ უბნების 99,86% დათვლილია, აქტივობა 54.32%-ია.
მოლდოვას საზღვრებში შედეგების თანახმად, სანდუმ, ფაქტობრივად, წააგო არჩევნები სტოიანოგლოსთან მცირე სხვაობით – 48,8% 51,2%-ის წინააღმდეგ. ამის საპირწონედ, სანდუმ მიიღო ემიგრანტთა ხმების 80%-ზე მეტი. მოლდოვას საზღვარგარეთ 200-ზე მეტი სარჩევნო უბანი ჰქონდა გახსნილი, სადაც ამ დროის მონაცემებით, ხმა 330 000-მდე ამომრჩეველმა მისცა.
სანდუს მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სტანისლავ სეკრიერუმ არჩევნების მეორე ტურის დღეს რუსეთი მასობრივ ჩარევაში დაადანაშაულა.
„ჩვენ ვხედავთ რუსეთის მასიურ ჩარევას ჩვენს საარჩევნო პროცესში… შედეგის დამახინჯების მცდელობას“, – დაწერა მან X-ზე.
სეკრიერუმ ასევე გაავრცელა ცნობები ამომრჩეველთა საარჩევნო უბნებზე მიყვანის, კიბერშეტევებისა და თაღლითობების შესახებ, რაც, მისი თქმით, საზღვარგარეთის საარჩევნო უბნებზე ფიქსირდებოდა.
მოსკოვმა ეს ბრალდებები უარყო.
თავად მაია სანდუმ ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა.