მხატვარი და პუბლიცისტი მაია ორჯონიკიძე:
მოდით გავიხსენოთ რითი იყვნენ დაკავებულნი აშშ პრეზიდენტები დიდი რონალდ რეიგანის შემდეგ:
ჯორჯ ბუში უფროსი:
ჯერ კიდევ სსრკ-ს დაშლამდე მასში შემავალ რესპუბლიკებს მოუწოდებდა, რომ საბჭოთა კავშირი შეენარჩუნებინათ და მისი შემადგენლობიდან არ გასულიყვნენ. სსრკ-ს დაშლის შემდეგ კი ეკონომიკურ კოლაფსში ჩავარდნილ რუსეთს ე. წ. “ბუშის ქათმის ბარკლები”, სასურსათო პროდუქტები და მილიარდობით დოლარის უსასყიდლო დახმარება გაუგზავნა, რომლის მოზრდილი ნაწილი ელცინმა ჩეჩნეთის პირველ გენოციდურ ომს მოახმარა.
ბილ კლინტონი:
გარდა თეთრი სახლის ისტორიულ ოვალურ კაბინეთში ვინმე მონიკა ლევინსკისთან “ბლოუ ჯაბით”, ანუ მინეტით დაკავებისა, მის “საგმირო საქმეთა” სიაშია:
2. სრულიად გაუმართლებელი და საერთაშორისო სამართლის ნორმების დამრღვევი აქტი: კოსოვოს სერბეთისგან დამოუკიდებელ სუბიექტად აღიარება, რამაც პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სახელმწიფოთა საზღვრების გადასინჯვის პრეცენდენტი შექმნა-რითაც ცხადია მაშინვე ისარგებლა რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების “ლეგიტიმაციისთვის”.
ჯორჯ ბუში უმცროსი:
დიდი პოლიტიკური უნარებით არ გამოირჩეოდა, მაგრამ ბუში უმცროსი ის ნათელი წერტილი აღმოჩნდა, რომელმაც 2008 წლის ომიდან მე-5 დღეს იგოეთთან პუტინს ტანკები შეატრიალებინა, რითაც საქართველოს სახელმწიფოებრიობა და იმდროინდელი პროდასავლური ხელისუფლება დამხობას გადაარჩინა. აღსანიშნავია, რომ მისი ეს ნაბიჯი დიდწილად განპირობებული იყო საქართველოს იმდროინდელ, მესამე პრეზიდენტთან-მიხეილ სააკაშვილთან ძალიან კარგი პერსონალური ურთიერთობით. ასევე საქართველო, უკრაინა და მოლდოვა არასოდეს დაუვიწყებენ იმას, რომ ბუში უმცროსი 2008 წლის აპრილში ბუდაპეშტში ჩატარებულ ნატოს სამმიტზე ღიად ლობირებდა ამ სამი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკისთვის ნატოში გაწევრიანებას, მაგრამ მაშინდელი კანცლერი მერკელისა და მის ხმას აყოლილ საფრანგეთის პრეზიდენტ სარკოზის გამო მაპის მინიჭებაზე უარი ეთქვათ, რამაც-როგორც ძალიან მალე გამოჩნდა, პირდაპირ წაახალისა ვლადიმერ პუტინი სამი თვის შემდეგ საქართველოში შეჭრილიყო.
ბარაკ ჰუსეინ ობამა:
ეს ის პრეზიდენტი იყო, ვის დროსაც აშშ-ში სისტემურად ჩაეყარა საფუძველი ტრადიციული ამერიკისთვის დამახასიათებელი ფასეულობების მორღვევას-სწორედ მისი მმართველობის დროს დაიწყო გაფურჩქვნა ისეთმა მიმდინარეობებმა, როგორიც იყო “ვოუქიზმი”, “კრიტიკული რასობრივი თეორია”, გაჩნდა ულტრა-მემარცხენე და შავი რასიზმის იდეოლოგიის მატარებელი ისეთი დაჯგუფებები, როგორც “ანტიფა” და “BLM”. ბარაკ ობამას დროს მესამე სამყაროს რომელიღაც ქვეყანაში შესაძლებელი გახდა ამერიკის საელჩოზე თავდასხმა და ელჩის მკვლელობა, რაც იმდროინდელი ადმინისტრაციის მიერ დაუსჯელი დარჩა.
მას მერე, რაც ბაშარ ასადმა სირიაში საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა და ხალხი დახოცა-ბარაკ ობამამ გააფრთხილა, რომ თუ იგივეს კიდევ გაიმეორებდა-პასუხს აგებდა. ასადმა ხელმეორედ გამოიყენა ქიმიური იარაღი, მაგრამ ობამას მუქარა ცარიელ სიტყვებად დარჩა-მან არაფერი მოიმოქმედა მკვლელი დიქტატორის დასასჯელად. ბარაკ ობამას ორი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში ამერიკა ნელ-ნელა გადაიქცა სახელმწიფოდ, რომელსაც აღარ გააჩნდა უწინდელი ძლევამოსილება და წონა, სწორედ მის დროს გაჩნდა სისხლიანი ე. წ. “ისლამური სახელმწიფო”, რომელიც ადამიანებს, მათ შორის დასავლური ქვეყნებიდან-იტაცებდა და კამერების წინ, მთელი მსოფლიოს დასანახად, დემონსტრაციულად დანით ყელს ჭრიდა!
ამ ყველაფერმა გამოიწვია ამერიკის როგორც “მსოფლიო პოლიციელის” როლის დაკნინება, დიქტატორული რეჟიმები და ტეროტისტული დაჯგუფებები მას უკვე აღარ აღიქვამდნენ ანგარიშგასაწევ ძალად, რომელიც მათ პასუხს აგებინებდა. ობამა საეჭვო ლოიალურობას იჩენდა რუსეთის მიმართაც და ეს ქართველებმა საკუთარ ტყავზე გამოვცადეთ-სწორედ მისი და პუტინის პოლიტიკური შეთანხმების შედეგი გახდა პრო-რუსი ივანაშვილის საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლა და სააკაშვილის პრო-დასავლური, დემოკრატიული მმართველობის რუსეთის მარიონეტით ჩანაცვლება.
ამერიკის შიგნით კი ობამამ საფუძველი ჩაუყარა კლანურ პოლიტიკას, რაც იქამდე ამერიკაში არ არსებულა-სწორედ მის დროს დემოკრატიული პარტია გადაიქცა არა მხოლოდ დე-ფაქტო სოციალისტურ პარტიად, არამედ სრულიად კაფსულირდა და კლანად გარდაიქმნა, რაც 2016, 2020 და განსაკუთრებით 2024 წლის არჩევნების დროს გამოჩნდა, როცა დემპარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი კამალა ჰარისი პირველად ამერიკის ისტორიაში რეალურად წარმოჩნდა არა როგორც წონადი თვითმკმარი პოლიტიკური ფიგურა, არამედ როგორც დემპარტიის კლანის (ობამა, კლინტონები, ბაიდენი) მიერ შერჩეული მარიონეტი.
დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო კადენცია დასამახსოვრებელი იყო ბევრი რამით, მაგრამ აქ მხოლოდ რამდენიმეს აღვნიშნავ:
1. ობამას დროს წლების მანძილზე “დაუმარცხებელი” ფართო ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფო”, რომელიც წლები დაუსჯელად დათარეშობდა აზიის არაერთ ქვეყანაში, ტრამპმა უმოკლეს დროში გაანადგურა.
2. ობამას დროს სირიაში ფეხმოკიდებული პუტინის კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” 200 წევრის განადგურება, როცა მათ სირიაში ამერიკის ინტერესთა ზონის გადაკვეთა სცადეს და ამაზე მაშინ პუტინს ხმა არ ამოუღია.
ჯოზეფ ბაიდენი:
მსოფლიოს დაამახსოვრდა იმით, რომ პირველი რაც ინაუგურაციის შემდეგ გააკეთა, იყო აშშ-ს მთელ ტერიტორიაზე ნავთობის ჭაბურღილების დახურვა, რამაც ბუნებრივად გამოიწვია ნავთობზე მსოფლიო ფასის აწევა, რითაც რუსეთის დამატებითი მილიარდებით გამდიდრება ხდებოდა. ქრონოლოგიურად მეორე, რაც ბაიდენმა გააკეთა-რუსეთისთვის იმხანად შეჩერებული ჩრდილოეთ ნაკადის გაზსადენის დასრულებაზე თანხმობის მიცემა იყო, რაც ასევე რუსეთის შემოსავლების ზრდაში ხელშეწყობას წარმოადგენდა.
შემდეგი მისი ნაბიჯი მთელს მსოფლიოს ტრაგიკული ტელეკადრებით დაამახსოვრდა: ავღანეთიდან აშშ-ს ჯარის გასვლით კი არა, ფაქტობრივად გაქცევით-სპონტანურად, ქაოსურად და აფრენილი ამერიკული თვითმფრინავების ფრთებზე ჩაბღაუჭებული პრო-ამერიკელი ავღანელების ციდან ვარდნის შემაძრწუნებელი კადრებით-ეს იყო ყველაზე სამარცხვინო ვიზუალი, რაც კი ამერიკასთან დაკავშირებით მსოფლიოს უნახავს.
ბაიდენმა თავი დაგვამახსოვრა კორუფციული სკანდალებითაც, რომლებიც უკავშირდებოდა მისი შვილის, ჰანტერის “მოღვაწეობას” უკრაინულ კომპანია “ბურისმაში”, ასევე ბაიდენის მიერ პოროშენკოსთვის წაყენებული სატელეფონო ულტიმატუმით, რომ უკრაინა ვერ მიიღებდა აშშ-ს სახელმწიფოსგან შეპირებულ რამდენიმე მილიარდს, თუ პოროშენკო უკრაინის გენპროკურორ შოკინს არ მოხსნიდა. ამერიკის შიგნით კი როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი მარკ ცუკერბერგის ჩვენებიდან-ბაიდენის ადმინისტრაცია მასზე პირდაპირ და უხეშ ზეწოლას ახდენდა თეთრი სახლისთვის მომგებიანი კონტენტის განსათავსებლად და არასასურველი კონტენტის ცენზურირების უაპელაციო მოთხოვნით.
ამას გარდა ბაიდენს-განსაკუთრებით მისი კადენციის მიწურულს დემენციის აშკარა ნიშნები ეტყობოდა, რასაც ობამა-კლინტონების კლანად ქცეული დემპარტია მაქსიმალურად ჩქმალავდა, მაგრამ ტრამპთან საპრეზიდენტო დებატების დროს ეს იმდენად აშკარა გახდა, რომ კლანმა ყოველგვარი პრაიმერიზის გარეშე, ამერიკული პოლიტიკური ტრადიციის უხეში დარღვევით საპრეზიდენტო კანდიდატად კამალა ჰარისი წარადგინა. ბაიდენის საპრეზიდენტო ვადა ფაქტობრივად ბარაკ ობამას მესამე ვადა იყო და კამალა ჰარისი ობამას მეოთხე ვადა უნდა გამხდარიყო-აი ამას გადაურჩა ამერიკაც და მსოფლიოც.
შეჯამება:
რაც არ უნდა სამართლიანი ან უსამართლო იყოს კრიტიკა დონალდ ტრამპის მიმართ, ერთი რამ ცხადია-მან გაარღვია და დაარღვია ობამას მიერ დამკვიდრებული კლანური და კულუარული მმართველობის უკიდურესად მავნე ფორმა, რომელიც იქამდე სრულიად უცხო იყო ამერიკული პოლიტიკური კულტურისა და ტრადიციისთვის. ყველაფერი შეიძლება დააბრალო ტრამპს გარდა იმისა, რომ ის ვინმეს მარიონეტია-ისე, როგორიც იყო ბაიდენი და უნდა გამხდარიყო კამალა ჰარისი-ნეპოტიზმით, კულუარული უსუფთაო გარიგებებითა და გიჟური ულტრა-მემარცხენე გეგმებით. ბოლო მოვლენები კი პირადად მე მარწმუნებს იმაში, რომ ტრამპს აქვს “ბოროტების ღერძის” დაშლის მკაფიო გეგმა და ის ამ გეგმას გამობრძმედილი პოკერისტის მანერით მიზანმიმართულად მიყვება, ხშირად ბევრისთვის დამაბნეველი ზიგზაგებით.




