ანალიტიკოსი, მხატვარი მაია ორჯონიკიძე:
უბრალოდ მოუსმინეთ ისრაელის ქსნესეთში ტრამპის გამოსვლის ამ მცირე ფრაგმენტს-80 წელს მიღწეული ადამიანი, 10 საათიანი ფრენის შემდეგ როგორ ფიზიკურ და ინტელექტუალურ ფორმაშია და რა უმხეცესი სიტყვა წარმოთქვა ყოველგვარი სუფლიორებისა და ჩანაწერების გარეშე. მიშა სააკაშვილის გარდა არ მახსენდება მსოფლიოს რომელიმე დღეს არსებულ ლიდერს ასეთი მაგარი გამოსვლა ჰქონოდა, როგორც გუშინ ტრამპს ისრაელის ქსნესეთში. და ამ კაცს ჩვენი შინგამომცხვარი ექსპერტები, ისევე როგორც რიგითი ადამიანები ხშირად ხან როგორ მოიხსენიებენ და ხან როგორ-“სულელი”, “აგენტი”, “გიჟი”-შემთხვევით რაიმე ხომ არ გეცნობათ ჩვენი უახლესი ისტორიიდან?

გარდა განსაკუთრებული ენერგიისა, რომელსაც ხელოვნურად ვერ იმიტირებ და ორატორული ნიჭისა ამ კონკრეტულ გამოსვლაში გასაოცარი პოეტიკაცაა-ეს არაა ორდინარული პოლიტიკოსის მშრალი, უფერული სფიჩი, არამედ უფრო ტალღა, რომელსაც შეუძლია აგიტაცოს და გაგიყოლოს. ვფიქრობ, ტრამპი უბადლო არტისტია ამ სიტყვის ნამდვილი გაგებით-სწორედ ამ გამოსვლაში ჩანს მისი ნამდვილი სახე და არა იმ ნიღბებში, რომელთაც ის არანაკლები დამაჯერებლობით ირგებდა და ხშირად წესიერი ადამიანების გულისწყრომასაც იწვევდა-როგორც მაგალითად ოვალური კაბინეტის იმ კოშმარულ მიზანსცენაში, როცა ზელენსკის მასპინძლობდა.
ტრამპი სულაც არაა მარტივი კაცი, როგორადაც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ-ამ გამოსვლაში ისე, როგორც აქამდე არასდროს-გამოჩნდა მისი პიროვნული სიღრმეც, აზროვნების მასშტაბიც და მკაფიოდ ჩამოყალიბებული მსოფლმხედველობაც, მაგრამ ამერიკის 47-ე პრეზიდენტი არის უბადლო პოკერისტი, რომელსაც მის პირდაპირ მჯდომი მოწინააღმდეგე სახეზე ვერასოდეს შეატყობს თუ რა კარტი უჭირავს ხელში, სანამ ის თავად არ გადაწყვეტს, რომ ამის დრო მოვიდა.
ამ ყველაფერთან ერთად ტრამპი არის ნარცისი, ნაკლებად გემოვნებიანი ოქროთი მოვარაყებული ჩუქურთმებიანი ინტერიერების მოტრფიალეც-სურვილის შემთხვევაში კიდევ ბევრ კომიკურ ან უცნაურ თვისებას გამოუძებნის კაცი, მაგრამ როდესაც ადამიანს გაცნობიერებული აქვს, რომ ის მისიით მოვიდა და უზარმაზარი პასუხისმგებლობა მხრებზე აწევს როგორც საკუთარი ქვეყნის, ისე მსოფლიოს წინაშე-ეს უნდა იყოს ბოლო, რაზეც გონიერმა ადამიანმა ყურადღება უნდა გაამახვილოს.
ერთი რამ ცხადია-ბოლო ათწლეულების დასავლეთში საშიშად ფეხმოკიდებულ ცივილიზაციურ კრიზისს, რითაც დიადი ქრისტიანული კულტურის ქვეყნები დაავადდნენ და სიველურეს მის ნებისმიერ გამოვლინებაში-იქნება ეს ნეო-მარქსიზმი თუ ისლამური ფუნდამენტალიზმი-აი ყოველივე ამასთან ბრძოლის ტვირთი აიღო ამ ერთმა კაცმა საკუთარ მხრებზე და თან იმ ასაკში, როცა მისი თანატოლების უმრავლესობა ბუხართან ჯდომას და გაზეთების კითხვას ამჯობინებს.
არ დაინახო ეს-უნდა იყო ბრმა ან ანგაჟირებული ადამიანი და თუ ვირეშმაკა ობამას, რომელსაც სხვათა შორის ქართველები ივანაშვილის საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლას უნდა უმადლოდნენ-ნობელის მშვიდობის პრემია ეკუთვნის, მაშინ რაც ტრამპმა თუნდაც ახლო აღმოსავლეთში გააკეთა, იგივე პრემია მარტო ამიტომ ეკუთვნის, რომელსაც ის დარწმუნებული ვარ მომავალი წლის შემოდგომაზე უკრაინაში დამყარებული მშვიდობისთვის აუცილებლად მიიღებს.
წინ ვაშინგტონში ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრაა, რომელზეც როგორც ამბობენ-უკრაინისთვის ტომაჰავკების გადაცემის ბედი გადაწყდება და თუ ეს მოხდება, 21-ე საუკუნის ბოლო და ყველაზე სასტიკი იმპერიის, რუსეთის უფსკრულისკენ ფრენის პროცესი ბევრად სწრაფი და ეფექტური გახდება.