News.ge უცვლელად გთავაზობთ მხატვრისა და პუბლიცისტის, მაია ორჯონიკიძის წერილს ცნობილ ქართველ მხატვარზე, ამჟამად უცხოეთში მცხოვრებ სოფო ჩხიკვაძეზე. აღნიშნული წერილი გამოქვეყნდა გაზეთში “24 საათი” (11.04.2007 წ.)
“არსებობს ტრაგიკული ჩვენს ყოველდღიურობაში, რაღაც უფრო სევდიანი, ღრმა და ჩვენი ჭეშმარიტი არსებობისათვის ბევრად უფრო დამახასიათებელი, ვიდრე დიად მოვლენათა ტრაგიზმია.”
მორის მეტერლინკი
“ცხოვრებაში არის იმდენად სერიოზული თემები, რომ მათზე საუბარი მხოლოდ ხუმრობით შეიძლება.”
ნილს ბორი
ვინ არის ნამდვილი ხელოვანი? როგორ ამოიცნობა იგი ხელოვნებას დაწაფულ მრავალათასიანი ლაშქრიდან? რა განასხვავებს მას უკეთეს შემთხვევაში უბრალოდ კარგი ხელოსნისგან? ალბათ ეს კითხვა ჩემამდე არც თუ ისე ცოტა ადამიანს მოსვლია თავში, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც უშუალო და ხალას ნიჭს შეხვედრია. ეს კითხვა პასუხგაუცემელიცაა და იმავდროულად მასზე პასუხი თვალსაჩინოდ ხილულია. უსასრულოდ შეიძლება ისაუბრო ამ თემის ირგვლივ, რადგან საკითხი კომპლექსურია და ასეთივე პასუხს მოითხოვს.
ერთი რამ ცხადია-ნამდვილი შემოქმედი თავისი დროის უტყუარი საზომია და მისი ყველაზე ზუსტი ამსახველიც ამ სიტყვის ცხადია, არა ნატურალისტური გაგებით. იგი თავისი დროის სუნთქვაა, მისი მოტრფიალე და იმავდროულად ყველაზე სასტიკი მსაჯულიც-ხშირად გაუცხოებული და სევდიანი. თავად დროის პროდუქტი-იგი თავის შემოქმედებაში პარალელურ სამყაროს ქმნის, ბადებს ახალ შინაგან რეალობას და ამის შემდგომ უკვე თვითონ ზემოქმედებს გარემოზე და ცვლის თანამედროვეთა მსოფლაღქმას-გარეგნულ რეალობას. აი ასეთი წრებრუნვაა. ეს აზრები დამებადა სოფო ჩხიკვაძის ფერწერასთან გაცნობის შემდეგ. ფერწერის ტექნიკური თუ სტილისტური ანალიზი პროფესიონალი ხელოვნებათმცოდნეებისთვის (თუმცა ეს რა ხილია-ღმერთმა უწყის) მიმინდვია, მე კი ყველაზე მეტად ის ჭრილი მაინტერესებს, რომელშიც ამ შემოქმედის მსოფლგანცდა იკითხება. სოფო ჩხიკვაძე გასაოცრად სადა მხატვარია. მის ნამუშევრებში პოზას ვერ შეხვდებით-იგი უბრალოდ არ არსებობს არტისტული სახითაც კი. სისადავე კი ფორმალურსა თუ დეკორატიულს გამორიცხავს და მთავარ სათქმელზე გამახვილებინებს ყურადღებას. მისი გროტესკი არა ცივი მსაჯულის გაცნობიერებული ირონიაა, არამედ სევდიანი კონსტატაცია ადამიანის აბსურდის თეატრში მოვლენისა, მისი სიმარტოვისა და ხშირ შემთხვევაში დაუცველობისა. მისი გმირები ჩვენ ვართ-მისი თანამედროვენი, მიშურისა და ამაოების გარეშე, საკუთარ ეგზისტენციასთან, “მე”-სთან პირისპირ მარტოდ-მარტო დარჩენილნი. ალბათ არსებობს ასეთი ტიპის ხედვაში გარკვეული შეუბრალებლობა, რადგანაც დეკორის გარეშე, რითაც სავსეა ჩვენი ყოველდღიურობა-ცხოვრება სულ სხვა კითხვებს გვისვამს და სულ სხვა პასუხებსაც მოითხოვს…
ნამდვილ ხელოვნებას აქვს ერთი თავისებურება-ის, როგორც მიწა, მოინელებს ათას ნატურალისტურ სისაძაგლეს, გადახარშავს მას და ახალ სიცოცხლეს, ხელოვნებას ბადებს. სოფო თავისი დროისა და ქვეყნის ნიშანდობლივი რეალიების უზუსტესად ამსახველი მხატვარია და იმავდროულად ზოგადადამიანურისაც, რომელიც ერთი კონკრეტული ქვეყნითა და დროით არ შემოიფარგლება. მისი შემოქმედებითი მსოფლგანცდა არაა რომანტიზირებული ან მითუფრო-მისტიური, როგორც ეს მაგალითად 80-იანი წლების ქართული ფერწერის თვალსაჩინო წარმომადგენლებისთვის იყო დამახასიათებელი და რომელთაც თავის დროზე ქართულ ფერწერაში ეპოქა შექმნეს. სოფოს სურათებში არის განსხვავებული, განსაკუთრებული გარინდება, რომელიც ალბათ ადამიანის სულის იდუმალებიდან იღებს სათავეს. სოფო ჩხიკვაძის ფერწერა ჟანრობრივად ბევრად უფრო ”კამერულია” და საინტერესო ისაა,რომ ამ კამერულობაში ის გასაოცარ განზოგადებას აღწევს, რადგანაც ”პატარა ადამიანის” თემით, რომელიც თვალნათლივ გასდევს მის შემოქმედებას-გლობალური, ეგზისტენციური ხასიათის საკითხები წყდება-როგორიცაა სიყვარული და სიმარტოვე, გაუცხოება და თვითირონია, ადამიანის ადგილი სამყაროში და ა.შ. ამ ყოველივეს თავისი პოეტიკა აქვს,ადამიანის სულის შეცნობის პოეტიკა. როგორც ერთი გულთმისანი კაცი ამბობდა-”ჭეშმარიტი პოეტი ყოვლისმცოდნეა, ის ნამდვილად სამყაროა მცირე მასშტაბში.”
ჟანრულად სოფო ჩხიკვაძე ექსპრესიონიზმს და ნაწილობრივ პოსტიმპრესიონისტურ ფერწერას ეხმიანება, თუმცა ეს ალბათ უფრო ზედაპირული შეხებაა, ვიდრე არსობრივი. ჩემი აზრით, ბევრად უფრო ღრმა, შინაგანი ნათესაობა მას ქართველ ნიკო ფიროსმანიშვილთან აკავშირებს. ვიზუალური უპრეტენზიობა, რომლის მიღმა მკაფიოდ იკვეთება ადამიანის არსებობის დრამა-არის მთავარი შთაბეჭდილება სოფო ჩხიკვაძის შემოქმედებასთან გაცნობის შემდეგ. ამ მხრივ მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო საოცარი შინაგანი ტრაგიზმის მატარებელი სურათი ”მცველი”, რომელშიც კონტრასტი ერთის მხრივ სურათის გარეგნულ სისადავესა და მეორეს მხრივ-უძლიერეს შინაგან მუხტს შორის განსაკუთრებული ზემოქმედების ძალას იძენს და გამოხატვის საშუალებათა ლაკონურობით შინაგანად ნიკო ფიროსმანის ტილოებს ენათესავება.
პოსტმოდერნისტული ხელოვნებისგან განსხვავებით, რომელიც გაჯერებულია ნასესხები შემოქმედებითი ციტატებით, სოფო ჩხიკვაძის შემოქმედებაში ციტირებას პრაქტიკულად ვერ ნახავთ. გასაოცარი თვითმკმარობა, გულწრფელობა და შემოქმედებითი თავისუფლება მკვეთრად წარმოაჩენს მხატვარს, როგორც ღრმა და მოწიფულ შემოქმედს-მისი ახალგაზრდობის მიუხედვად. შემოქმედს, რომელიც ქართულ ფერწერაში საკუთარი განუმეორებელი სათქმელით მოვიდა. არსებობს გამოთქმა, რომ ყველა მხატვარი საკუთარ თავს ხატავს-სოფო ჩხიკვაძესთან მიმართებაში ეს ღირშესანიშნავი კომპლიმენტია.