“რატომ ხართ ოპტიმისტურად განწყობილიო, ფრენდმა მკითხა და ვუპასუხე.
პოზიტიურად არა, რეალისტურად ვუყურებ. 1990 წელს ვერავინ წარმოიდგენდა, რომ “უძლეველი” სსრკ დაიშლებოდა, მაგრამ დაიშალა. რატომ დაიშალა? ამ კითხვაზე პასუხია მთავარი. იმიტომ, რომ ეკონომიკური რესურსი გამოეცალა, ბანალურად-ამხელა საბჭოთა იმპერიის შენარჩუნების რესურსი აღარ ჰქონდა, რადგან ცალკე აშშ-სთან შეიარაღების გამალებულ შეჯიბრში ჩაერთო, რომლის გამო ისედაც კოჭლმა ეკონომიკამ სული განუტევა, ცალკე კი პოლიტიკური კრიზისი წამოეწია-დაპყრობილ საბჭოთა რესპუბლიკებში ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობები დაიწყო, აღარც კომუნისტური იდეოლოგიის სჯეროდა ვინმეს. ამ ყველაფერმა ერთობლიობაში მოიტანა ის დღე, როდესაც რუსული ნეო-იმპერია დაიშალა. 1991 წელს რუსეთის დედაქალაქებშიც კი (მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი) პირველი აუცილებლობის პროდუქტების დეფიციტი შეიქმნა სისტემამ ვეღარ ზიდა პრობლემების ის სიუხვე, რომელიც თავს დაატყდა და აფეთქდა, დასრულდა. იგივე ისტორიულ გზას გადის ახლა თავად რუსეთიც-უკრაინა საქართველო არ არის, ეს უმსხვილესი ევროპული სახელმწიფოა, რომელსაც ამერიკამ სულ რომ ზურგი აქციოს (რაც ზღაპარია და არასოდეს მოხდება), უმდიდრესი, ეკონომიკურად ძლიერი გაერთიანებული ევროკავშირი-ბრიტანეთი ეხმარება და მათი მხარდაჭერით უკრაინა ამ ომს აუცილებლად მოიგებს. რუსეთის სამხედრო-ეკონომიკური ბაზა მილევადია (ირანი შაჰედებით ვეღარ ეხმარება, ჩრდილო კორეასაც ელევა რუსეთისთვის მისაცემი რაკეტები), უკრაინის კი ზრდადი, იმდენად ეკონომიკურად ძლიერი და ტექნოლოგიურად განვითარებულია ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი. ევროპამ როგორც იქნა გაიღვიძა და მიხვდა, რომ უკრაინის დამარცხება მათთვის უზარმაზარი საფრთხის მატარებელია და მისი გამარჯვება მათი გამარჯვებაა. იგივე ითქმის საქართველოზეც-ამ ქვეყნის თავისუფლების საკითხი დღეს უკრაინის სანგრებში წყდება. ამ ფონზე პესიმიზმის რა საფუძველი უნდა გამაჩნდეს გაუგებარია, რადგან მე, მიუხედავად მძიმე დროისა-ფაქტებს და კანონზომიერებებს ვაანალიზებ და არა ემოციების ჭკუაზე დავდივარ, რასაც თქვენც გულწრფელად გისურვებთ. დაიმახსოვრეთ-ომებს იგებენ ეკონომიკური რესურსები და ლოჯისტიკა, რისი მილევადობის ნიშნებიც რუსეთში უფრო და უფრო იკვეთება. როგორც ისტორია გვანახებს, დიდი ცვლილებები ყოველთვის ერთბაშად, “უეცრად” ხდება და ახლაც ასე იქნება,” – წერს სოციალურ ქსელში მხატვარი და პუბლიცისტი, მაია ორჯონიკიძე.