Madrid Fusión გასტრონომიის თვალსაზრისით მთელ მსოფლიოში ყველაზე რეპუტაციული კონგრესია, სადაც წელს, პირველად, საქართველო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ განაცხადა, რითაც 29-31 იანვარს, ესპანეთში, Madrid Fusión 2024-ში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას გამოეხმაურა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს Madrid Fusión-ზე შეფ-მზარეული, დავით ნარიმანიშვილი წარადგენს.
„Madrid Fusión გასტრონომიის თვალსაზრისით მთელ მსოფლიოში ყველაზე რეპუტაციული კონგრესია, სადაც წელს, პირველად, საქართველო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს. ჩვენს ქვეყანას წარადგენს შეფ-მზარეული, დავით ნარიმანიშვილი, რომელიც მთელ მსოფლიოს გააცნობს საქართველოს, როგორც გასტრონომიის, კულტურის დიდი ტრადიციების ქვეყანას“, -განაცხადა მაია ომიაძემ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, კონგრესზე საქართველოს ორი სტენდი იქნება წარმოდგენილი.
„ჩვენ სტენდები ქართულ გასტრონომიას დაეთმობა, ასევე ღვინოს, სადაც სომელიეები მთელ მსოფლიოს ქართული ღვინის, 8 ათას წლოვანი უწყვეტი ტრადიციის შესახებ მოუყვებიან. გასტრონომია და ღვინო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული პროდუქტია ჩვენი ქვეყნისთვის და ვფიქრობ, საქართველოს, როგორც გასტრონომიული კულტურის მდიდარი ტრადიციების მქონე ქვეყნის წარდგენა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მადრიდში თავს მოიყრიან: გავლენიანი ექსპერტები, კრიტიკოსები, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები, მათ თვალსაწიერში მოხვდება საქართველო, როგორც განსხვავებული გემოების მიმართულება. ვფიქრობ, Madrid Fusión-ზე საქართველოს წარდგენა გასტრო კულტურას ახალ საფეხურზე გადაიყვანს“, – აცხადებს მაია ომიაძე.
უწყების ცნობით, Madrid Fusión 2024-ზე საქართველო სტუმრის სტატუსით იქნება წარდგენილი. საერთაშორისო გასტრო კონგრესზე ესპანეთი, შვეიცარია, ნორვეგია, დანია, საფრანგეთი, ბელგია, იტალია, აშშ, არგენტინა, კოლუმბია, კორეა, ფილიპინები, ჩილე და სხვა ქვეყნები მონაწილეობენ.