მაია ომიაძე – საქართველოს ისტორიაში ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც ტურიზმიდან ქვეყანამ ასეთი რაოდენობის შემოსავალი მიიღო

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაია ომიაძის განცხადებით, გასულ წელს საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან რეკორდული შემოსავალი მიიღო, ხოლო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2019 წლის მონაცემებთან შედარებით, თითქმის 100%-ით აღდგა. ასე შეაჯამა მაია ომიაძემ 2023 წლის სტატისტიკური მონაცემები და მიღებული შემოსავლები.
„2023 წელს საქართველომ მიიღო უპრეცედენტოდ დიდი ოდენობის შემოსავლები, 4 მილიარდ დოლარზე მეტი, რაც 2019 წელთან მიმართებით 26%-ით გადაჭარბებაა. საქართველოს ისტორიაში ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც ტურიზმიდან ქვეყანამ ასეთი რაოდენობის შემოსავალი მიიღო. რაც შეეხება ტურისტულ და საერთაშორისო მოგზაურობს, ხაზი უნდა გავუსვათ, რომ 2019 წელთან მიმართებით, 75.6%-ით აღდგა ვიზიტები და ქვეყანამ 7 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური მიიღო. აღსანიშნავია, რომ ტურისტულმა ვიზიტებმა 4,6 მილიონს გადააჭარბა, რაც 2019 წელთან მიმართებით, თითქმის 100%-იანი აღდგენაა. პანდემიის შემდგომ წლებში დინამიკა ყოველწლიურად იყო მზარდი, საქართველოში ტურიზმის სექტორი აღდგენის პროცესში იყო, თუმცა 2023 წელი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა, მით უფრო იმ გამოწვევების ფონზე, რაც რეგიონშია“-განაცხადა მაია ომიაძემ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, გრძელდება აქტიური კამპანიები ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში, ასევე ახალ ტურისტულ ბაზრებზე ინდოეთსა და ჩინეთში, საქართველოს ცნობადობის ამაღლების მიზნით და ამ ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადების გასაზრდელად.
„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახორციელებს კამპანიებს, გამოფენებს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზრებზე, ამას მუდმივი სახე აქვს და თავისი შედეგი მოაქვს. ვფიქრობ, 2024 წელი ბევრად წარმატებული იქნება და 2019 წელთან შედარებით როგორც ტურისტული ვიზიტებიდან, ასევე შემოსავლებიდან ჩვენ კიდევ უფრო კარგ შედეგებს მივიღებთ“,-განაცხადა მაია ომიაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრას აუსტრევიჩუსი – საქართველოს მთავრობამ აღმოსავლური პოპულიზმის გზისკენ გადაუხვია – მოვუწოდებ ქართველ ხალხს, უარი თქვან რუსეთის მხრიდან სახიფათოდ დესტრუქციულ მანიპულაციაზე – თქვენ ევროპას ეკუთვნით