სამართლებრივად წარმოუდგენელი დასაბუთება მოვისმინე დღეს მოსამართლისგან, რომელმაც თქვა, რომ მინიმალური სტანდარტით უნდა დასაბუთდეს და არც ის მინიმალური სტანდარტი არ არის [დაცული] – მზიას პატიმრობა თურმე დასაბუთებული უნდა იყოს დასაბუთების მინიმალური სტანდარტით , – ამის შესახებ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატმა სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მწარიაშვილის თქმით, მას მოუწია მოსამართლისთვის ახსნა, რომ რაც უფრო ხანგრძლივია პატიმრობა, დასაბუთების სტანდარტიც უფრო მაღალი უნდა იყოს.
„ძალიან უხერხულია, რომ ამის ახსნა მიწევს და სასამართლოსთვის ამის სწავლება, რომ რაც უფრო ხანგრძლივია პატიმრობა, მისი დასაბუთების სტანდარტი მაღლა იწევს. ეს არის ორჯერ ორი ოთხი და ეს არ იცის სასამართლომ. დღეს სასამართლომ თქვა, რომ მზიას პატიმრობის დასაბუთების სტანდარტი არის ძალიან დაბალი. ბრალდების ნათქვამი, რომ თურმე მზია ახალ დანაშაულს ჩაიდენს, ეს საფრთხე ძალიან ინტენსიურია. სასამართლომ თქვა, რომ არსებობს ამის მომატებული საფრთხე, მე არ ვიცი როდის მოიმატა ამ საფრთხემ. სასამართლოს არ უთქვამს რის გამო მოიმატა საფრთხემ, რომ მზია ჩაიდენს ახალ დანაშაულს. სამართლებრივად წარმოუდგენელი დასაბუთება მოვისმინე დღეს მოსამართლისგან, რომელმაც თქვა, რომ ამას არ ჭირდება არანაირი სტანდარტი, მინიმალური სტანდარტით უნდა დასაბუთდეს და არც ის მინიმალური სტანდარტი არ არის. ჯერ როდის არსებობდა საფრთხე, რომ მზია დანაშაულს ჩაიდენდა და ახლა მოიმატა ამ საფრთხემ“, – განაცხადა ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა.
