მაია მწარიაშვილი – დაკითხვისას დგებუაძემ არაერთხელ მიუთითა, რომ იყო შეურაცხყოფილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გადმოცემით მას შეელახა ღირსება, რაც არ არის 353-ე (პრიმა) მუხლის დაცვის ობიექტი

დაკითხვისას დგებუაძემ არაერთხელ მიუთითა, რომ იყო შეურაცხყოფილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გადმოცემით მას შეელახა ღირსება, რაც არ არის 353-ე (პრიმა) მუხლის დაცვის ობიექტი, – ამის შესახებ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
„სახეში გაშლილი ხელის გარტყმა არის სილა.
ჩიქობავა ავტორიტეტია თქვენთვის?
ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის (ა. ჩიქობავა) მიხედვით, გაშლილი ხელის სახეში დარტყმა არის ალიყური, სილაქი, გალაწუნება, ლაწანი, შემოლაწუნება, ტყლაშანი, თხლაშანი.
სილა ვერ აზიანებს ჯანმრთელობას.
დაკითხვისას დგებუაძემ არაერთხელ მიუთითა, რომ იყო შეურაცხყოფილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გადმოცემით მას შეელახა ღირსება, რაც არ არის 353-ე (პრიმა) მუხლის დაცვის ობიექტი.
პროკურორი დაგვეთანხმა, რომ მზიას ქმედება არ იყო მიმართული ჯანმრთელობის დაზიანებისაკენ.
თუ სილა ვერ აზიანებს ჯანმრთელობას, რა უნდოდა მზიას? რა არ ასვენებდა?…
სახელისუფლებო კომენტარებიც სულ ამბობს, რომ ეს არის შეურაცხყოფა, მაგრამ მძიმე დანაშაულიო…
[მძიმე დანაშაულის] კვალიფიკაცია ვერ დადგება იმაზე, რომ დგებუაძის პატივმოყვარეობა იყო შეურაცხყოფილი… ამ ეპიზოდში მზიას სახეში რომ ეჩქმიტა, რას იტყოდა ბრალდება, თავს დაესხა და სახეზე უჩქმიტაო?“ – განაცხადა მაია მწარიაშვილმა.