მაია კოპალეიშვილი – სასამართლოს გადაწყვეტილება ემსახურება „ქართული ოცნების“ ინტერესს, დასაჯოს ყველა ის ადამიანი, ვინც ხმას აიმაღლებს მათი პოლიტიკური რეჟიმის წინააღმდეგ – მზიას ქმედებაში საერთოდ არ იყო დანაშაულებრივი შემადგენლობა

სასამართლოს გადაწყვეტილება კვლავ ემსახურება „ქართული ოცნების“ ინტერესს, დასაჯოს ყველა ის ადამიანი, ვინც ხმას აიმაღლებს მათი პოლიტიკური რეჟიმის წინააღმდეგ. ბუნებრივია, გადაწყვეტილება უსამართლოა. მზიას ქმედებაში საერთოდ არ იყო დანაშაულებრივი შემადგენლობა,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, ყოფილმა მოსამართლემ, მაია კოპალეიშვილმა განაცხადა, რითაც შეაფასა სასამართლოს განაჩენი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე.
მისივე თქმით, მზია ამაღლობელის მიმართ სისხლის სამართლებრივი განაჩენი არ უნდა დამდგარიყო.
„ეს „ქართული ოცნების“ დაკვეთით მიღებული მორიგი გადაწყვეტილებაა. ეს გადაწყვეტილება საერთოდ არ ემსახურება სამართლიანობის აღდგენას, მართლმსაჯულების ინტერესებს. ეს კვლავ ემსახურება „ქართული ოცნების“ ინტერეს, დასაჯოს ყველა ის ადამიანი, ვინც ხმას აიმაღლებს მათი პოლიტიკური რეჟიმის წინააღმდეგ. ბუნებრივია, გადაწყვეტილება უსამართლოა. მზიას ქმედებაში საერთოდ არ იყო დანაშაულებრივი შემადგენლობა, შესაბამისად, მის მიმართ სისხლის სამართლებრივი განაჩენი არ უნდა დამდგარიყო, გამამტყუნებელი განაჩენი არ უნდა დამდგარიყო“,- აღნიშნავს კოპალეიშვილი.
ცნობისთვის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოსამართლემ „სისხლის სამართლის კოდექსის“ 353/1-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით შეცვალა. აღნიშნული ითვალისწინებს პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით. აღნიშნული ქმედებისთვის კი სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა, შინაპატიმრობა 2 წლამდე ვადით და ასევე თავისუფლების აღკვეთა 2-დან 6 წლამდე ვადით.
მზია ამაღლობელს თავდაპირველად ბრალი „სისხლი სამართლის კოდექსის“ 353/1-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც ითვალისწინებდა პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას. აღნიშნული ქმედებისთვის განსაზღვრული იყო პატიმრობა 4-იდან 7-წლამდე ვადით.