ეს საქმე თავიდანვე პოლიტიკური იყო – ჯანაშიას მიმართ ერთი მიმართულებით რომ მიდიოდა საქმის განხილვა და ახლა, უცბად მოსამართლემ გადააკვალიფიცირა, გამოდის, რომ პროკურატურას თავიდანვე არასწორი კუთხით მიჰყავდა სახელმწიფო ბრალდების საქმე – ესეც მიანიშნებს, რამდენად მაღალი ინტენსივობით იყო აქ პოლიტიკური მდგენელი,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მაია კოპალეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილსა და თეიმურაზ ჯანაშიასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ დღეს გამოცხადებულ განაჩენს გამოეხმაურა.
როგორც კოპალეიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, სასამართლო ხელისუფლება იყოს დამოუკიდებელი, რომ „მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების მიმართ ეჭვისა და უნდობლობის საფუძველი არ დარჩეს“.
„ეს საქმე თავიდანვე პოლიტიკური იყო. მისი პოლიტიკურობა იქიდან გაჩნდა, რომ ის სახსრები და ხარჯები, რასაც ედავებიან, ასევე, გაწეული აქვთ მომდევნო პრეზიდენტებს. როდესაც ხდებოდა მიმართვა შესაბამისი პრეზიდენტისთვის ამა თუ იმ ინფორმაციის გამოთხოვაზე, რომელიც ხარჯებს დაადასტურებდა ან მხარეებს შედარებისთვის მტკიცებულების სახით გამოადგებოდა, როგორც ჩვენ ვხედავდით და რაც ტელევიზიებით ჟღერდებოდა, არცერთ პრეზიდენტს ეს ინფორმაცია არ გაუცია, რაც ძალიან ცუდი ფაქტი იყო. ეს ბადებდა ეჭვს, რომ თავიდანვე არ იყო სამართლებრივად მართული საქმე.
რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს. სამართლებრივი კუთხით შედეგი რომ დადგეს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სასამართლო ხელისუფლების როლსა და მნიშვნელობას. იმას თუ რამდენად თავისუფალი და დამოუკიდებელია სასამართლო ხელისუფლება ისეთ საქმეებში, სადაც ასეთი პოლიტიკური აქტორი მონაწილეობს, როგორიც მიხეილ სააკაშვილია. ამიტომ მნიშვნელოვანია, სასამართლო ხელისუფლება იყოს დამოუკიდებელი, თავისუფალი და მიუკერძოებელი, რომ მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების მიმართ ეჭვისა და უნდობლობის საფუძველი არ დარჩეს. იმის გათვალისწინებით, როგორ მიმდინარეობდა ეს საქმე, ამასთან იმის გათვალისწინებითაც, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში თუნდაც, ჯანაშიას მიმართ ერთი მიმართულებით მიდიოდა [განხილვა] და ახლა, უცბად გადააკვალიფიცირა ეს მოსამართლემ, გამოდის, რომ პროკურატურას თავიდანვე არასწორი კუთხით მიჰყავდა სახელმწიფო ბრალდების საქმე. ესეც მიანიშნებს, რამდენად იყო და რამდენად მაღალი ინტენსივობით იყო აქ პოლიტიკური მდგენელი.
როდესაც ასეთ დარღვევაზეა საუბარი, თუ კი სახელმწიფო ამას დარღვევად მიიჩნევს, როგორიც არის ბიუჯეტიდან არამიზნობრივად ხარჯის გაწევა, აქ უნდა დაისვას საკითხი – ეს არამიზნობრივი ხარჯი რეალურად რა მიზნებს ემსახურებოდა? საქმის მასალებს არ ვიცნობ, მაგრამ აქ ასევე ასახულია „ვენოკის“ შეძენისთვის ან ასეთი საქმიანობის გაწევისთვის ხარჯები, რაც ბუნებრივია, თანხების რაოდენობას ზრდის. ეს უნდა გამოიხშიროს. სასამართლო იმიტომაა სასამართლო, რომ ის უნდა განსხვავდებოდეს პროკურატურის, ანუ სახელმწიფო ბრალდების მტკიცებისაგან. მან ეს საქმეს სახელმწიფო ინტერესიდან სწორად უნდა შეაფასოს“,- განაცხადა კოპალეიშვილმა.
გარდა აღნიშნული საქმისა, კოპალეიშვილი გამოეხმაურა ბიზნესმენების – გიორგი ჩიკვაიძესა და ირაკლი პაპიაშვილთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასაც. მისივე თქმით, „სანამ სასამართლო დამოუკიდებელი არ იქნება, ყველა საქმე, რომელშიც ოდნავ ინტერესი აქვს სახელმწიფოს ან ამა თუ იმ პოლიტიკურ პირს, მაშინვე გახდება პოლიტიკური მდგენელის მატარებელი“.
„ეს რეალურად, ორ კერძო პირს შორის მიმდინარე ურთიერთობა და დავაა. ერთი კერძო პირი მეორე კერძო პირს ედავება კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობას, თანხებს და ა.შ. როდესაც ასეთი აღკვეთის ღონისძიების სახით ამ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს პატიმრობა გამოაქვს, როგორ შეიძლება იფიქრო, რომ სასამართლო თავისუფალი და მიუკერძოებელია. თან იმის ფონზე, რაც წინ უძღოდა, [ვგულისხმობ] მის ვიდეოლაივებს, დევნას, თვალთვალს და ა.შ.
უეცრად გადაწყვიტა სასამართლომ, რომ ამ საქმეზე წინასწარი პატიმრობა გამოეყენებინა. ისევ და ისევ, მივდივართ სასამართლო პრობლემასთან. სანამ სასამართლო ამ ქვეყანაში ასეთი იქნება, როგორიც არის, სანამ არ იქნება დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ნამდვილად მართლმსაჯულების განმახორციელებელი, ყველა საქმე, რომელშიც ოდნავ ინტერესი აქვს სახელმწიფოს ან ამა თუ იმ პოლიტიკურ პირს, მაშინვე გახდება პოლიტიკური მდგენელის მატარებელი. ეს საქმეც არის სწორედ ამის ნათელი მაგალითი, მანამდე არსებულ არაერთ საქმესთან ერთად“,- განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სდსს-ს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას კი, 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
რაც შეეხება ბიზნესმენების: გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის საქმეს, გუშინ სასამართლოს გადაწყვეტილებით, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ ბიზნესმენს, გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. რაც შეეხება მეორე ბრალდებულ ირაკლი პაპიაშვილს, მისთვის შეფარდებული გირაო ძალაში დარჩა.
