მაია კოპალეიშვილი – ევროკომისიის ანგარიში უფრო მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე რომელიმე ჩვენგანი ელოდა, დადებითი სიტყვაც კი არ არის ნათქვამი საქართველოზე – რაც შეეხება საკონსტიტუციო სარჩელს, „ქართული ოცნება“ თავისი აკრძალვის პრეცედენტს ქმნის

ევროკომისიის ანგარიში იმაზე უფრო მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე რომელიმე ჩვენგანი ელოდა – ამ ანგარიშში ერთი დადებითი სიტყვაც კი არ არის ნათქვამი, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა მაია კოპალეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, რითაც ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს გამოეხმაურა.
მაია კოპალეიშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს მზაობა და ინტერესი, რომ ევროკავშირის ორბიტას დაუბრუნდეს.
„ძალიან მძიმე ანგარიშია, მოსალოდნელი იყო, რომ ასეთი ანგარიში იქნებოდა, იმ ქმედებების და ამდენი რეპრესირებული ადამიანის ფონზე და ყველა იმ ნაბიჯის ფონზე, რასაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს ქართული საზოგადოების მიმართ. მაგრამ ანგარიში იმაზე უფრო მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე რომელიმე ჩვენგანი მოელოდა იმიტომ, რომ ამ ანგარიშში ერთი დადებითი სიტყვაც კი არ არის ნათქვამი საქართველოზე. საქართველო 2023 წელსაც კი არ იყო ამ ნიშნულზეო და ცალსახად აღინიშნა, რომ მხოლოდ ფორმალურად რჩება სახელწოდება [კანდიდატის სტატუსი], სხვა მხრივ, საქართველო ვერ მიაღწევს ევროკავშირში გაწევრიანებას. უნდა ვთქვათ, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში შეუძლებელია, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. სწორედ ამიტომ აუცილებელია, შეიცვალოს ხელისუფლება.
როდესაც დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი გადასცეს, საგარეო საქმეთა მინისტრმა არც კი იკადრა შეხვედრა და რომ მას გაეკეთებინა რაიმე საჯარო განცხადება. შემდეგ ვნახეთ ოფიციალური პირების კომენტარები, რომლებიც პირიქით, იქით ადანაშაულებენ ევროპულ ინსტიტუტებს და ბრიუსელს და არა საკუთარ თავს. ამდენად, არ არის მზაობა და ჩვენ თავი არ უნდა მოვიტყუოთ, „ქართულ ოცნებას“ შესაძლებლობაც აღარ აქვს უკვე იმიტომ, რომ „ქართლი ოცნება“ მთლიანად მომართულია ძალადობაზე, აზრის გამოთქმისათვის დასჯაზე. „ქართულ ოცნებას“ არ აქვს ინტერესი, რომ ევროკავშირის ორბიტას დაუბრუნდეს. ეს არ აქვთ განა იმიტომ, რომ თვითონ იღებენ ამაზე გადაწყვეტილებას, არამედ ამ გადაწყვეტილებას იღებს და „ქართული ოცნება“ აღასრულებს“, – განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო სარჩელს პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, მაია კოპალეიშვილი აცხადებს, რომ სარჩელი არის დაუსაბუთებელი და „სრულიად შეუსაბამო იმისთვის, რომ ამდენმა დეპუტატმა წარმოადგინოს“.
„მინდა ვუთხრა “ქართულ ოცნებას“, რომ რასაც ისინი სხვა პოლიტიკური პარტიების მიმართ ადგენენ და ითხოვენ, აბსოლუტურად ყველა საკითხი, ერთი-ერთში მიემართება „ქართულ ოცნებას“. გამოდის, რომ „ქართული ოცნება“ თავისი აკრძალვის პრეცედენტს ქმნის მის მიერ შემოტანილი სარჩელით იმიტომ, რომ სწორედ „ქართული ოცნებაა“, რომელიც აფერხებს დემოკრატიას ამ ქვეყანაში, უნდა ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვის აღიარება“, – განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.