მაია ვაჩაძე: ხელისუფლების დონეზეც რომ მოხდეს, ვეტინგს არ გავივლი, რაც არ უნდა მიქნან

უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მაია ვაჩაძე ამბობს, რომ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებას იმ შემთხვევაშიც არ აპირებს, თუ ეს საკანონმდებლო დონეზე მოხდება.
ეს განცხადება მან გასულ კვირას უზენაესი სასამართლოს სხდომაზე გააკეთა, რომლის ოქმიც ფორმულამ დღეს მოიპოვა. უზენაესი სასამართლოს სხდომაზე მოსამართლეები ე.წ. ვეტინგის შემოღებას ეწინააღმდეგებოდნენ და საკუთარ აზრს აფიქსირებდნენ.
მაია ვაჩაძე ირწმუნებოდა, რომ ე.წ. ვეტინგი “არაკონსტიტუციურია”.
“ხელისუფლების დონეზეც რომ მოხდეს, მე პირობას გაძლევთ თქვენ, რომ მეტ ვეტინგს აღარ გავივლი, რაც არ უნდა მიქნან. გინდა ხელისუფლებამ და გინდა არასამთავრობოებმა. არ გავივლი არანაირად. ახლა არის მხოლოდ არასამთავრობოების დონეზე, ხვალ არ ვიცი ვის დონეზე იქნება. ვის დონეზეც არ უნდა იყოს. მე აბსოლუტურად ვეთანხმები ჩემი კოლეგების ყველა გამონათქვამს, რომ ეს არის არაკონსტიტუციური და მე პირადად მაგონებს, საბჭოთა კავშირში რომ სამეულები იყო – ე.წ. ტროიკები”, – განაცხადა მაია ვაჩაძემ.