მაია ბუწაშვილი – წელს ძალიან ინტენსიურად და ხშირად ზედმეტად იღებენ „ტამიფლუს“ – ამ მედიკამენტის „ყოველი შემთხვევისთვის“ გამოყენება არ არის მიზანშეწონილი და მკაფიოდ უნდა დადგინდეს მისი საჭიროება

წელს ძალიან ინტენსიურად და ხშირად ზედმეტად იღებენ „ტამიფლუს“ – „ტამიფლუს“ თავისი ჩვენებები აქვს და მისი გამოყენება არ არის საჭირო ჯანმრთელ, ახალგაზრდა პირებში. ასეთ ადამიანებში ეფექტი მხოლოდ ის არის, რომ 1 დღით ამცირებს სიმპტომების მიმდინარეობას, – ამის შესახებ ინფექციონსტი, სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ბუწაშვილი აღნიშნავს, მედიკამენტის „ყოველი შემთხვევისთვის“ გამოყენება არ არის მიზანშეწონილი.
„როგორც მოგეხსენებათ, ამჟამად უამრავ ადამიანს აქვს სასუნთქი გზების ინფექცია, გამოხატული სხვადასხვა სიმპტომებით. ზოგს უბრალოდ სურდო აქვს, ზოგს კი მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი, ხველა და არის გართულებული შემთხვევებიც.
ამ პაციენტებს შორის ბევრს აქვს გრიპის ვირუსი (A ან B ტიპის), თუმცა სასუნთქი სისტემის ინფექციის სიმპტომების მქონე ადამიანებში სხვა ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებიც ხშირია.
რატომღაც თუ A ტიპის ვირუსი დადასტურდა, ამბობენ, რომ „ღორის გრიპი“ (H1N1) აქვთ და ეს ძალიან აშინებთ. ჯერ ერთი, ტერმინი „ღორის გრიპი“ აღარ გამოიყენება, მეორეც, A ტიპის ვირუსის აღმოჩენა სულაც არ ნიშნავს, რომ აუცილებლად H1N1-ია, სხვა ტიპის A ჯგუფის ვირუსებიც ცირკულირებს. მესამეც, H1N1 სულაც არ არის უფრო „საშიში“, ვიდრე სხვა ტიპის გრიპის ვირუსები.
თუ მაინცდამაინც იმის დადგენა გვინდა, მართლა ე.წ. „ღორის გრიპია“ თუ არა, ამას სწრაფი ტესტით ვერ გავიგებთ და PCR კვლევა უნდა ჩატარდეს.
თუმცა ეს პოსტი უფრო სხვა საკითხს ეხება. წელს ძალიან ინტენსიურად და ხშირად ზედმეტად იღებენ ადამიანები ანტივირუსულ მკურნალობას (ძირითადად „ტამიფლუს“). კარგია, რომ როგორც იქნა ამ მედიკამენტმა ადგილი დაიმკვიდრა, რადგან წლების მანძილზე ვისაც მართლა ჭირდებოდა ეს მედიკამენტი, მათი დათანხმებაც არ იყო ხოლმე ადვილი. თუმცა, როგორც ჩვენთან ხშირად ხდება, ახლა ისეთ „მოდაში შემოვიდა“, სრულიად უადგილოდაც იღებენ.
„ტამიფლუს“ თავისი ჩვენებები აქვს და მისი გამოყენება არ არის საჭირო ჯანმრთელ, ახალგაზრდა პირებში. ასეთ ადამიანებში „ტამიფლუს“ ეფექტი მხოლოდ ის არის, რომ 1 დღით ამცირებს სიმპტომების მიმდინარეობას, სულ ეგ არის.
„ტამიფლუ“ საჭიროა ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში, ხანდაზმულებში, ორსულებში, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. ასევე იმ პაციენტებში, რომელთაც გრიპის მძიმე მიმდინარეობის გამო ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ. ასევე, ნამდვილად უნდა იყოს დადგენილი, რომ A ან B გრიპის ვირუსია, რადგან სხვა რესპირაციულ ვირუსებზე ეს მედიკამენტი არ მოქმედებს.
მედიკამენტი ეფექტურია სიმპტომების დაწყებიდან მხოლოდ 48 საათის განმავლობაში (აქ არ იგულისხმება ჰოსპიტალიზებული პაციენტები).
საკმაოდ ხშირია გვერდითი მოვლენები (თავის ტკივილი, სისუსტე, გულისრევა და სხვ.). ამიტომ მედიკამენტის „ყოველი შემთხვევისთვის“ გამოყენება არ არის მიზანშეწონილი და მკაფიოდ უნდა დადგინდეს მისი საჭიროება“,- წერს ბუწაშვილი.