გიგი წერეთელი და თინა ბოკუჩავა ორი დღეა ეუთო-ს კონფერენციის პარალელურად, დერეფნებში დადიან, რაღაც მოითათბირეს და საკუთარ აზრებს ეუთო-ს გადაწყვეტილებად ასაღებენ – ეუთო-ს ფორმატში EPP-ის არანაირი ფორმალური მანდატი არ აქვს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი მაია ბითაძე „ფეისბუქზე“ წერს, რითაც ეხმაურება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებას, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღეს.
ბითაძის თქმით, „ეს ადამიანები, კვლავ განაგრძობენ საქართველოს ღალატს”.
„ანუ გიგი წერეთელი და თინა ბოკუჩავა 2 დღეა ეუთო-ს კონფერენციის პარალელურად, დერეფნებში დადიან, საკუთარი პარტიის წევრებთან ერთად რაღაც მოითათბირეს და მთელ საქართველოს საკუთარ აზრებს ეუთო-ს გადაწყვეტილებად ასაღებენ! თან ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეუთო-ს ფორმატში EPP ევროპის სახალხო პარტიას არანაირი ფორმალური მანდატი არ აქვს.
ეს ადამიანები, კვლავ განაგრძობენ საქართველოს ღალატს! კვლავ განაგრძობენ ქვეყნისთვის ძირის გამოთხრას და უფრო მეტიც! ეუთო-ს სახელს იყენებენ საკუთარი აზრებისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის! მაინტერესებს ეუთო-ს სახელის ასე გამოყენება ლეგალურია?! ამაზე უფიქრიათ?
მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არც სხდომაზე გაჟღერებულა და არც ეუთო-ს ოფიციალურ გვერდებზე არ მოიძებნება!“,- აცხადებს ბითაძე.




