“მათ მოსწონთ, რომ დედა ფილმში მონაწილეობს, იმისთვის ვმუშაობ, რომ მათ თვალში სიხარული დავინახო” – თაკო ტაბატაძე, როგორც 4 შვილის დედა და წარმატებული მსახიობი – Marao
თაკო ტაბატაძემ სამსახიობო კარიერა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და ამ მოკლე დროში ბევრი საინტერესო როლის შესრულება მოუხდა. მისი დებიუტი ცნობილი რეჟისორის – ნანა ჯორჯაძის ფილმში შედგა. “პეპლების იძულებითი მიგრაცია” ეკრანებზე იანვარში გამოჩნდა. ამ ფილმში თაკო მთავარ როლშია. მისი გმირი ნინო, წარსულში ბალერინა, უკეთესი ცხოვრების საძიებლად საზღვარგარეთ, ემიგრაციაში მიდის. ფილმში ვხედავთ ქართული კულტურული ელიტის წარმომადგენლებს – მხატვრებს, ხელოვანებს, მუსიკოსებს. საინტერესო ფილმია, რომელსაც დათო ევგენიძის შესანიშნავი მუსიკა კიდევ უფრო ალამაზებს. თაკო ძალიან მადლიერია რეჟისორ ნანა ჯორჯაძის, რადგან მან ახალბედა მსახიობს ამხელა ნდობა გამოუცხადა. ამ ფილმზე მუშაობა 4 წლის წინ დაიწყეს. ახლახან გამოჩნდა ეკრანებზე და ფილმმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
თაკო ბოლო დროს ასევე არაერთ უცხოურ ფილმში გადაიღეს და საკმაოდ საინტერესო როლების შესრულება მოუხდა. თვლის, რომ ეს 4 წელი მისთვის ძალიან წარმატებული და ნაყოფიერი იყო.
4 ულამაზესი ქალიშვილის დედა ამბობს, რომ შვილებს ძალიან მოსწონთ მისი შესრულებული როლები. ისინი თაკოს დიდი გულშემატკივრები არიან. ახალგაზრდა მსახიობს ძალიან დატვირთული დღის რეჟიმი აქვს. სამსახიობო კარიერას მენეჯერულ საქმიანობასაც მშვენივრად უთავსებს.
– ძალიან დატვირთული დღის რეჟიმი მაქვს, მაგრამ იმდენად მომწონს და მიყვარს ჩემი საქმე, იმდენად ძვირფასია ჩემთვის მსახიობობა, რომ დიდი ენთუზიაზმით ვარ ჩართული. არაერთ პროექტში მივიღე მონაწილეობა, გავიარე კასტინგები და კარიერული წინსვლა მოვახერხე. მოგეხსენებათ, სამსახიობო კარიერა საქართველოში ისეთი შემოსავლიანი არ არის, რომ მარტო ამით დაკავდეს ადამიანი. ამიტომ პარალელურად ერთ-ერთ კომპანიაში გაყიდვების მენეჯერად ვმუშაობ. ორი საქმიანობის შეთავსება რთულია, მაგრამ მადლობელი ვარ მათი, ხელს მიწყობენ. მეც ბევრს ვშრომობ, რომ ვიყო ფინანსურად ძლიერი ქალი. ხშირად დილით ძალიან ადრე ვიწყებ მუშაობას. ვცდილობ ხან შაბათ-კვირას ჩავსვა გადაღებები. რაც დრო გადის, პროექტიც მეტია და ეს ძალიან მახარებს.
– რომელ საათზე იწყება თქვენი დილა?
– გულწრფელად გითხრათ, ზოგადად არ მიყვარს ადრე ადგომა, მაგრამ უკვე წლებია, ჩემი დილა ძალიან ადრე იწყება. ბავშვები სკოლაში დადიან და მათ საუზმეს ვუმზადებ. ფაფა, ხილი, ბოსტნეული ყველას უყვარს და ვცდილობ ჯანსაღად იკვებონ. ამას პატარა ასაკიდან მიჩვეულები არიან. მრავალფეროვანი რაციონი გვაქვს… ჩემი უფროსი გოგონა ნინი 13 წლის არის, ლიზა 12-ის, მარიამი – 10-ის და ყველაზე პატარა, ანასტასია – 6-ის. ხშირად დილით გადაღებაზე მივდივარ, მერე იქიდან სამსახურში. საინტერესო სამსახური მაქვს და მიხარია, რომ სხვა მიმართულებითაც ვახერხებ განვითარებას. ეს სფეროც მნიშვნელოვანია ჩემთვის. ჩემი გოგონები ძალიან დაკავებული არიან მთელი დღე, დადიან წრეებზე, საღამოს ისევ ერთად ვიკრიბებით. დედის გაკეთებულ ვახშამზე კარგი არაფერია, ამიტომ სამსახურის მერე სახლში მოვიჩქარი, რომ შვილებს ვახშამი მოვუმზადო. ძალიან მიყვარს, როცა მათთვის რამეს ვამზადებ. ყველა ერთნაირ კერძს არ მიირთმევს, სხვადასხვა რამ უყვართ, ამიტომ ხშირად სხვადასხვა კერძის მომზადება მიწევს. საღამოს სახლში დაბრუნებულები მიზიარებენ მთელი დღის ამბებს, მეც ვუყვები ჩემს ამბებს და ასე შეხმატკბილებულები ვართ. გოგონებს ძალიან უყვართ ხატვა, სიმღერა, ცეკვაზე, უცხო ენაზე დადიან. ვცდილობთ სხვადასხვა მიმართულება მოსინჯონ და მერე თავად მიიღონ გადაწყვეტილება, აირჩიონ ის სფერო, რაც მათ მოსწონთ. სპორტით არიან დაკავებულები, ციგურებზე კარგად დგანან. დასვენების დღეებში ვცდილობ შვილების გვერდით ვიყო, მაქსიმალურად ემოციური კავშირი მქონდეს მათთან. ახლა სამი დღე ბაკურიანში ვიყავით და ძალიან ვისიამოვნეთ ერთად ყოფნით.
ძალიან მეცინება, როცა ამბობენ, ვარჯიშის დრო არ მაქვსო. თუ ადამიანს გაქვს სურვილი, ენერგია და ჯანმრთელობა, დროს აუცილებლად გამონახავ. ადგები 6 საათზე, ვარჯიშსაც მოასწრებ და გადაღებაზეც წახვალ. მთავარია შინაგანი დისციპლინა გქონდეს. ამას ჩემმა მშობლებმა პატარაობიდან მიმაჩვიეს. ბევრ წრეზე დავდიოდი და ძალიან მობილიზებული ვიყავი. ჩემი შინაგანი დისციპლინა იმის შესაძლებლობას მაძლევს, რომ ყველაფრისთვის დამრჩეს დრო. ცოტა დამღლელია, მაგრამ ბევრ რამეს ვასწრებ. ძალიან დიდი ენერგია მაქვს, სულ მინდოდა მეკეთებინა ის, რასაც ახლა ვაკეთებ. მსახიობობაზე სულ ვოცნებობდი, აბსოლუტურად შეთავსებადია დედობასთან საქმე, რომელიც მომწონს. ვარჯიშსაც ვასწრებ, გადაღებებზე წასვლასაც, შვილებთან ურთიერთობასაც და მენეჯერულ საქმიანობასაც.
– თქვენს ქალიშვილებს მოსწონთ თქვენი შესრულებული როლები?
– დიდი ბედნიერებაა ჩემთვის, როცა ჩემი გოგონების გაბრწყინებულ თვალებს ვხედავ. მათ მოსწონთ, რომ დედა ფილმში მონაწილეობს. იმისთვის ვმუშაობ, რომ მათ თვალში სიხარული დავინახო. ამაყობენ დედით და ეს ყველაზე დიდი მოტივაციაა. ინგლისური ძალიან კარგად იციან, ჩემზე ბევრად უკეთესი აქცენტი აქვთ და როცა მაქვს მოსამზადებელი ტექსტი, მეხმარებიან. ერთ ებრაულ პროექტში ამერიკელი ქალის როლი შევასრულე და აქცენტი უნდა ყოფილიყო ამერიკული, ჩემი პატარები ფრაზა-ფრაზა მამეცადინებდნენ ამ პროექტისთვის. ასეთი გვერდში დგომა უფროსს გაუჭირდება. ბედნიერი და ამაყი ვარ ამით. ძალიან გამიმართლა, კარიერის დასაწყისიდანვე შანსები რომ მომეცა და ვეცადე, მაქსიმალურად გამომეყენებინა. 4 წელია აქტიურ სამსახიობო კარიერას ვეწევი, 20-მდე ფილმი და სერიალი დამიგროვდა. ეს არის ჩემთვის ძალიან ძვირფასი და ძვირფასია ის ნდობა, რასაც გამოხატავენ რეჟისორები. ფილმმა, რომელშიც ვმონაწილეობ, კანის კინოფესტივალზე ორი მთავარი პრიზი აიღო და ბევრი ფესტივალის გამარჯვებულია. დიდი გამოხმაურება მოჰყვა ფილმს, რომელშიც ვითამაშე სლავი გოგონას როლი. საინტერესო პერსონაჟია, უარყოფითი, ტრავმირებული, ალკოჰოლის მოყვარული, რომელსაც ძალიან მძიმე ფიზიკური და სულიერი ტრავმები აქვს გადატანილი. ეს ფილმი საქართველოში გადავიღეთ. საინტერესო ხედვა აქვს რეჟისორს და საინტერესო პროექტი გამოვიდა. ამჟამად დაკავებული ვარ კიდევ ერთ კარგ უცხოურ ფილმში, აქაც კასტინგის გზით მოვხვდი. რეჟისორმა მუსლიმანი, გავლენიანი ქალის როლი მანდო… ჰოლივუდურ წარმატებასაც გავუგე გემო. კიდევ ერთ ებრაულ ფილმში ვითამაშე ერთ-ერთი მთავარი როლი.
– თეატრს კინო არჩიეთ?
– ორივე თანაბრად ძვირფასია ჩემთვის, სხვადასხვა გამოცდილებაა და ყოველთვის მენდომება, რომ თეატრშიც მქონდეს როლები.
– ნანა ჯორჯაძის ფილმზე რას იტყვით, სადაც მთავარ როლში ხართ?
– 4 წლის წინ დავიწყეთ ამ ფილმზე მუშაობა. ჩემთვის იყო სადებიუტო და ყველაზე ძვირფასია ამ მხრივაც, რადგან თითქმის ინტუიციურად ვიმუშავე. თუკი რამე გამომივიდა, ეს ქალბატონი ნანა ჯორჯაძის დამსახურებაა და იმ ადამიანების, ვინც მასში მონაწილეობდა. საოცარი ხალხში მოვხვდი და ეს როლი გახდა ჩემი სავიზიტო ბარათი. მადლობა ქალბატონ ნანას ნდობისთვის. როცა უცხოელ რეჟისორებთან ვამბობ, რომ ნანა ჯორჯაძის ფილმში ვარ გადაღებული, ეს მათთვის ბევრს ნიშნავს. ფილმის გამოსვლამ დააგვიანა ფინანსური პრობლემების გამო. ეს არის რეალური, ხელოვანი ადამიანების ცხოვრების ისტორია. ემიგრაციის მტკივნეული თემაა წარმოჩენილი სევდანარევი იუმორით. საოცარი მსახიობები თამაშობენ და მათგან ბევრი რამ ვისწავლე.
მსახიობობა არის უშრეტი წყარო თვითგანვითარების, ახალი ემოციების აღმოჩენის, რომელიც რეალურ ცხოვრებაში შეიძლება ვერც განიცადო. პატარა ასაკიდან ვფიქრობდი ამ პროფესიაზე. თუმცა თავიდან დავამთავრე კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტი, შემდეგ ამავე უნივერსიტეტში მაგისტრატურა, მარკეტინგის განხრით. ეს საქმეც მიყვარს, მაგრამ მერე ჩავაბარე თეატრალურში და მივიღე პროფესიული განათლება სამსახიობო ოსტატობის მიმართულებით. დავამთავრე მაგისტრატურაც. მომწონს, რომ მაქვს მეორე პროფესია, ეს მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენს ქვეყანაში მარტო მსახიობის შემოსავლით ძნელია სრულფასოვნად ცხოვრება