აქტივისტი, საპროტესტო აქციების მონაწილე ლექსო სამხარაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ წევრმა, სადავო პარლამენტის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა მას სასამართლოში უჩივლა.
ლექსო სამხარაძე 2 ივნისს თბილისში ერთ-ერთ საკონდიტროსთან გადაეყარა დავით მათიკაშვილს, მისი დანახვისას კი დაიწყო სიმღერა, რომელიც ხშირად ისმის ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე:
„ოლე, ოლა, „ქოცების“ დედის **ნა“.
„წადი, მომწყდი აქედან, რა“ – უპასუხა მატიკაშვილმა.
სამხარაძის ცნობით, ამ ეპიზოდის შემდეგ მას მანქანით აედევნნნენ და შეურაცყოფა მიაყანეს.
„მტყუნის დედა მოვიკითხე, ამაზე მანქანიდან საჩხუბრად გადმოხტა მძღოლი, ეგონა გავიქცეოდი თუ რა იყო არ ვიცი. მაგისკენ რომ გავეშურე ისევ ჩახტა მანქანაში. მათიკაშვილი დამფრთხალი მაგინებდა მანქანიდან“, – წერდა სამხარაძე.
დღეს, 5 ივნისს კი ის წერს, რომ მათიკაშვილმა უჩივლა.
„ზაფხულს სოლიდური ჯარიმით ან საპყრობილეში შევხვდები. არც ერთია კატასტროფა, კატასტროფა გარუსება და ქვეყნის ღალატია“, – წერს აქტივისტი.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი თანამდებობის პირი აქტივისტებს უჩივის.
გუშინ, 4 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა აქტივისტ ალბი კორძაიას, რომელსაც შსს ქართული ოცნების დეპუტატის, ყოფილი იუსტიციისა და კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის შეურაცხყოფას ედავებოდა. სარჩელი ალბი კორძაიას საქმეზე შეეხება 11 აპრილს მის სახლთან გამართულ აქციას.
ამასთან, 30 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ამავე მოსამართლემ, მანუჩარ ცაცუამ 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა აქტივისტ თათია აფრიამაშვილსა და ლიკა ლორთქიფანიძეს, რომლებსაც შსს „ქართული ოცნების“ წევრ მარიამ ლაშხისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდა.მესამე აქტივისტი, მაგდა მამუკაშვილი კი 4 000 ლარით დააჯარიმეს.
დეპუტატების სარჩელების საფუძველია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში თებერვალში შესული ცვლილება, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფა დასჯადი გახდა – სასჯელი პოლიტიკოსის შეურაცხყოფისთვის შეიძლება იყოს ჯარიმა 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციული პატიმრობა 45 დღემდე ვადით.
ფორუმი
