მათიკაშვილი სანქციებზე: ალბათ, მოვა დრო და ასეთი ნაბიჯების გამო, შეიძლება ვიღაცებს შერცხვეთ

ალბათ, მოვა დრო და ასეთი ნაბიჯების გამო [დასანქცირება], შეიძლება ვიღაცებს შერცხვეთ, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა -ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მეთიუ მილერის განცხადებას სანქციების შესახებ.

მათიკაშვილის თქმით, საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობები გაუმჯობესების კუთხით ნამდვილად გადასახედია.

„რა თქმა უნდა, ურთიერთობები გადასახედია, ამის შესახებ პრემიერმა განაცხადა კიდეც. შემიძლია ერთი რამ დავამატო, რომ გაუმჯობესების კუთხით ნამდვილად გადასახედია ეს ურთიერთობები. ამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში რევოლუციის მოწყობის მცდელობები და ჩვენი პარტნიორების მხრიდან დაფინანსებული ექსტრემისტული პროცესები ვნახეთ – სამწუხაროდ, ამ პროცესებს სათავეში ედგნენ ან მათი განხორციელების წყარო უნდა გამხდარიყვნენ. როგორც ჭეშმარიტ პარტნიორებს, მით უმეტეს სტრატეგიულ პარტნიორებს ჩვენთან უნდა ჰქონდეთ ურთიერთობები ვიზალიბერალიზაციით, პირდაპირი ფრენებით, ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებით და არა იყოს გამუდმებული მცდელობა, რომ ქვეყანაში დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება შეიცვალოს რაღაც არადემოკრატიული გზით”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

რაც შეეხება სანქციებს, მათიკაშვილმა განმარტა, რომ არ შეიძლება დემოკრატიულ სახელმწიფოში დემოკრატიულად არჩეულმა ხელისუფლებამ მიიღოს კანონი და მის საპასუხოდ უცხო ქვეყანამ კონკრეტული თანამდებობის პირების დასანქცირების გადაწყვეტილება მიიღოს.

“თანამედროვე სამყაროს ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს და მათ შორის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, ალბათ, ის იქნება, რომ გასცენ კითხვას პასუხი: როდესაც დემოკრატიულ სახელმწიფოში დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება საქართველოს პარლამენტში იღებს კანონს, რომელიც ამ ქვეყანას ეხება, როგორ შეიხლება გადაწყვეტილება მიიღოს უცხო ქვეყანამ კონკრეტული თანამდებობის პირების დასანქცირებისა? ეს იმდენად არარელევანტურია თანამედროვე სამყაროსთვის და დემოკრატიული განვითარებისთვის, რომ ალბათ, მოვა დრო და ასეთი ნაბიჯების გამო შეიძლება ვიღაცებს შერცხვეთ”, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა მოიაზრებს პოტენციურ სანქციებს, დახმარების რაოდენობას და სავიზო შეზღუდვებს გადახედვას.