მათიკაშვილი: აზრისა და მოწოდების თავისუფლების შესახებ მუხლის კანონიდან არ ვიღებთ

ოცნების დეპუტატის, დავით მათიკაშვილის თქმით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ მოწოდების და აზრის გამოხატვის თავისუფლების შესახებ ჩანაწერის ამოღებას არ აპირებენ.
მისი განცხადებით, კანონპროექტის განხილვისას “გარკვეულ ტექნიკურ უზუსტობას ჰქონდა ადგილი” და კანონიდან, სინამდვილეში, ამოღებულია ცილისწამების პრივილეგიებთან დაკავშირებული მუხლი.
“აღნიშნული მუხლი ცილისწამებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს არ ეხება. ის მოწოდების და აზრის გამოხატვის თავისუფლების შესახებ ჩანაწერია.
წარმოდგენილი კანონპროექტით ამოღებულია პრივილეგიების მუხლი, რომელიც ცილისწამებისათვის პრივილეგიებს გულისხმობს, თუმცა კანონის მეოთხე მუხლს, რომელიც აზრისა და მოწოდების თავისუფლებას ეხება, ჩვენ არ შევხებივართ. ეს მუხლი არის უცვლელი და კანონიდან მუხლი არ ამოგვიღია”, – თქვა მან.
აქამდე, კანონპროექტის განხილვისას ოცნების დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ ცვილების ინიციატორს, დავით მათიკაშვილს ჰკითხა:
როგორც წესი, ცილისწამებასთან დაკავშირებით გამოიყენებენ გამოთქმას: „სავარაუდოდ“, „მე მაქვს გონივრული ეჭვი“ და ა.შ. პირობითად ვამბობ, [იტყვიან] სავარაუდოდ, ბატონმა დავითმა ჩაიდინა ესა და ეს და იმას, მერე აღარავინ მიაქცევს ყურადღებას. მეოთხე მუხლით, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით. მოწოდება დაცულია კვალიფიციური პრივილეგიით. მოწოდება იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას მხოლოდ მაშინ, როცა პირი ჩაიდენს განზრახ ქმედებას, რომელიც ქმნის კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს. ახლა რანაირად გამოვა ეგ? იმიტომ, რომ ამას [მეოთხე მუხლს] აუცილებლად გამოიყენებენ.”
ამ კითხვაზე პასუხად მათიკაშვილმა კი განაცხადა, რომ, ცვლილებების ფარგლებში, მუხლი აზრისა და მოწოდების თავისუფლების შესახებ ამოღებულია კანონიდან.
“გავითვალისწინებთ ახლა, რომ ეგ დათქმა აღარ არსებობდეს”, – განაცხადა მან.