“მათზე ნადირობა გამოცხადდა” – 4 ოქტომბრის საქმეზე უკრაინაში მებრძოლი ავთანდილ სურმანიძე დააკავეს

“4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით” შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაკავებული, 1987 წელს დაბადებული ა.ს. ში მებრძოლი ავთანდილ სურმანიძეა.
მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, 10 ოქტომბერს, დილით გაავრცელა.
ავთანდილ სურმანიძე ბათუმში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციის, “ალტერნატივის” წევრია. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ხათუნა ბერიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, სურმანიძე ბათუმში, თავის სახლში დააკავეს 10 ოქტომბრის შუაღამით. ოჯახის მოსანახულებლად ბათუმში ის დაახლოებით ერთი თვის წინ ჩავიდა უკრაინიდან და 4 ოქტომბრის საღამოს ათონელის ქუჩაზე იმყოფებოდა, თუმცა, ხათუნა ბერიძის თქმით, არავითარ ძალადობაში არ მონაწილეობდა.
“ავთანდილი უკრაინაში იბრძვის დაახლოებით ომის დაწყების დღიდან, ის ფეხშია დაჭრილი და ხუთამდე ოპერაცია აქვს გაკეთებული უკრაინაში, იქ მკურნალობს ხოლმე. ბათუმში ჩამოსული იყო ოჯახის მოსანახულებლად და დასასვენებლად. 4 ოქტომბერს აქციაზე იმყოფებოდა, მაგრამ არავითარ შევარდნაში არ მონაწილეობდა. უკრაინაში დაბრუნებას აპირებდა მალევე”, – ამბობს ხათუნა ბერიძე.
მისი შეფასებით, ავთანდილის დაკავება “ემსახურება უკრაინაში მებრძოლი ქართველების განეიტრალებას”.
“საქართველოში გამოცხადდა მათზე ნადირობა, რომ დიდი ხნით გაუშვან ციხეში, ასე იძიებენ შურს”, – ამბობს ხათუნა ბერიძე.
ავთანდილ სურმანიძე უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო საზენიტო ბატალიონში მსახურობდა სითბური რაკეტების მსროლელად და ინსტრუქტორად.
ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, უკრაინაში რამდენიმე ასეული ქართველი მოხალისე იბრძვის.
რადიო თავისუფლებასთან საუბარში პრორუსული პარტიის, “სოლიდარობა მშვიდობისთვის” ლიდერმა მამუკა ფიფიამ დაადასტურა, რომ მათ სექტემბერში დონეცკში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს უკრაინის მხარეს მებრძოლი ქართველების სია, რომლის მიწოდებასაც ის საქართველოს ხელისუფლებისთვის აპირებს.
უკრაინაში მებრძოლი ქართველების დაკავშირებას “ტერორიზმთან და შეთქმულება/ამბოხთან” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მანამდეც ცდილობდა. ამ მიმართულებით გრიფით “საიდუმლო” საქმეს სუსიც იძიებს, გასული წლის ზაფხულში უწყებაში მოწმის სახით გამოკითხვაზეც იყო დაბარებული უკრაინაში მებრძოლი ქართველების ნაწილი.
საქართველოს ხელისუფლება არცთუ იშვიათად აკრიტიკებს უკრაინაში მებრძოლ თავის მოქალაქეებს და მათ საქართველოში „რევოლუციური პროცესების“ მხარდაჭერაში ადანაშაულებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების გამო საქმე აღძრა სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით:
ამჟამად, 10 ოქტომბრის შუადღისთვის, „4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით” დაკავებულია 46 ადამიანი.
საქართველოში თვითმმართველობის ს დღეს, 4 ოქტომბერს, თბილისში გაიმართა აქცია „ხელისუფლების მშვიდობიანად დასამხობად“. თავისუფლების მოედანზე შეკრებილთა ნაწილმა მოგვიანებით გადაინაცვლა ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც საორგანიზაციო კომიტეტის წევრ მურთაზ ზოდელავას თანახმად, „ჩაიბარებდნენ” „პრეზიდენტის სასახლის გასაღებს“.
დემონსტრანტების ნაწილმა რკინის ღობე გაარღვია და შევიდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ეზოში, საიდანაც საპოლიციო ძალებმა გამოაძევეს. დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის იყო დაპირისპირება. აქციის დასაშლელად სამართალდამცავებმა სპეციალური საშუალებები გამოიყენეს.
პოლიციამ იმავე ღამით დააკავა აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები: მოძრაობა „რუსთაველის გამზირის” ლიდერი პაატა ბურჭულაძე, ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე.