მათზე თავისუფალი ვარ, ვისაც ფულის დასტებზე სძინავს და გარეთ აკვარიუმით გამოდის — რეზო კიკნაძის წერილი ციხიდან

„8 კვადრატულ მეტრ დილეგში მყოფი მე, იმათზე ათასჯერ უფრო თავისუფალი გავხდი, ვისაც ფულის დასტებზე სძინავს და ღამის ქოთანიც ალბათ ოქროთი აქვს მოვარაყებული. მაგრამ გარეთ ისე ვერასდროს გამოდის, თუ აკვარიუმი არ აიფარა, შუშები არ დაიბურა, ხუთი დაკუნთული არ ჰყავდა გვერდით“, — ეს ამონარიდია რეჟიმის ტყვე რეზო კიკნაძის წერილიდან, რომელიც მან ციხიდან გამოგზავნა. წერილი 7 თებერვლით თარიღდება.
რეზო კიკნაძე ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომელიც დააკავეს უწყვეტად მიმდინარე პროტესტისას, დღეისთვის უკვე 77-ე დღეა, რომ მიმდინარეობს. დააკავეს 6 დეკემბერს, მეტროსადგურ „უნივერსიტეტთან“. მოგვიანებით მას ბრალი სისხლის სამართლის წესით წარუდგინეს — ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა.
27 წელი რეზო კიკნაძეს ციხეში შეუსრულდა. პირველ წერილში, რომელიც მან ციხიდან გამოგზავნა, წვრილად ჰყვება, როგორ მოითხოვდნენ მისგან, დაესახელებინა ადამიანები, თითქოს, ისინი აფინანსებდნენ და მათ დავალებებს ასრულებდა (ჯაფარიძე, ხოშტარია, გვარამია და სხვა პირები). „აღნიშნულს ვერანაირად ვერ დავასახელებდი, რადგან მსგავსი არაფერი ყოფილა“, — წერდა რეზო კიკნაძე.
რეზო კიკნაძის ახალ წერილს ნეტგაზეთი უცვლელად გთავაზობთ.
რეინკარნაცია (ანუ შემაჯამებელი, ტყვეობიდან ორი თვის თავზე) პირველ დღეს მეშინოდა, მეორე დღეს იყო გაურკვევლობა, მესამე დღეს, ჩემს ცხოვრებაში პირველი სასამართლოს შემდეგ, შიშმა და გაურკვევლობამ პიკს მიაღწია. მეოთხე დღიდან დაიწყო ჩემი სრული რეინკარნაცია, ამოტრიალება, კათარსისი… თანდათან ძალა მემატებოდა, ყოველ მომდევნო დღეს სიამაყის გრძნობა, სიმხნევე და ბრძოლის ჟინი ერთიორად იზრდებოდა. ერთ დღესაც მივხვდი, მთლიანად შევიცვალე — აღარც ციხის კედლები მაღელვებს, არც ის, როდის გამიშვებენ, ან გამიშვებენ თუ არა საერთოდ. მხოლოდ ერთი მიზანიღა დამრჩა — ვიბრძოლო უსამართლობასთან იქამდე, სანამ პირში სული მიდგას. არასდროს დავუხარო თავი ძლიერს, მაგრამ არასწორს. უპატივცემულობა გამოვიწვიო მათში, ვინც თავად არ არის პატივისცემის ღირსი, ყველაფერი გავიღო ტირანიისა და დიქტატურის დასამხობად. მხოლოდ წინააღმდეგობა და არანაირი კომპრომისი მტერთან. ასე გავხდი 8 კვადრატულ მეტრ დილეგში მყოფი მე, იმათზე ათასჯერ უფრო თავისუფალი, ვისაც ფულის დასტებზე სძინავს და ღამის ქოთანიც ალბათ ოქროთი აქვს მოვარაყებული. მაგრამ გარეთ ისე ვერასდროს გამოდის, თუ აკვარიუმი არ აიფარა, შუშები არ დაიბურა, ხუთი დაკუნთული არ ჰყავდა გვერდით. სიკვდილი რა ჩემი ფეხებია, სიკვდილის მათნაირ წურბელებს უნდა ეშინოდეთ, ქვეყანა ჯოჯოხეთად რომ აქციეს. იცით როდის აცნობიერებ, რომ თავისუფლების ზენიტს მიაღწიე? როცა აანალიზებ, რომ საერთოდ არაფერს ნიშნავს, როგორ მდგომარეობაში იქნება შენი ხორცი. აი, ფიქრს და გონებას კი ვერავინ გაგიკონტროლებს, ის მხოლოდ შენია და არავისზეა დამოკიდებული. მე შემიძლია სასამართლოს დარბაზში ბოლო ხმაზე ვიყვირო, მოსამართლეს ვაგრძნობინო, რომ ადამიანად არ ვთვლი, პოლიციელს დავცინო, არ მოვერიდო ყველასთვის იმ ადგილის მიჩენას, რასაც იმსახურებენ, რადგან უკვე აღარაფრად მიმაჩნია, რა მოუვა ჩემს სხეულს. ყველაზე მეტად თავისუფალი მაშინ ხარ, როცა „სულს ცეცხლი ედება” და ბრძოლაში კვდები, იმისთვის ბრძოლაში, რაც ერთადერთ სწორ მოცემულობად მიგაჩნია და საერთოდ არ ნანობ ასეთ სიკვდილს, სიკვდილს იდეისთვის. ყველაზე თავისუფალი მაშინ ხარ, როცა თავისუფლებისთვის ბრძოლაში კვდები… “მაგრამ არ ვნანობ, ასე რომ მოვკვდი, რაღაცას ნიშნავს ასე სიკვდილიც, რაღაცას ნიშნავს, რადგან ყოველთვის ბოროტის გვერდით არის კეთილი.” ერთი კარგი ანდაზა აქვთ, თუ არ ვცდები, მექსიკელებს. შინაარსი დაახლოებით ასე ჟღერს: მათ ეგონათ, მიწაში ჩაგვმარხეს, მაგრამ არ იცოდნენ, რომ სინამდვილეში დაგვთესეს და ახალი ნაყოფის აღმოცენებას შეუწყვეს ხელიო. ზუსტად ასეა ჩვენი ამბავიც. უნდოდათ დილეგში გამოვეკეტეთ, დავეშინებინეთ, ბრძოლის სურვილი დაგვეკარგა და ამ დროს პირიქით, უფრო მეტი ძალა, მხნეობა და საბრძოლო სულისკვეთება მოგვცეს…
ნეტგაზეთს წერილი მაშო სამადაშვილმა მოაწოდა.