15 წლის მათე ხატიაშვილი, რომელიც ესპანური “ბასკონიას” 15-წლამდელების გუნდში გამოდის, მადრიდის “რეალს” 22 ქულა ჩაუგდო. ეს მოხდა იტალიის ქალაქ ტრიესტში, ამხანაგური საერთაშორისო ტურნირის ფინალში, რომელიც მათე ბიჭის გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში 72:80 წააგო.
სანამ იტალიურ ტურნირზე დეტალებს გაგაცნობდეთ, გეტყვით, რომ 14 წლის ასაკში მათე ხატიაშვილი 16-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ გასული ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში, სადაც საქართველომ ელიტარული, A დივიზიონის საგზური მოიპოვა. გადამწყვეტ, მესამე ადგილისთვის მატჩში მათემ მასპიძელ რუმინეთის ნაკრებს 23 ქულა ჩაუგდო, საქართველომ კი დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა და მომავალ წელს
A დივიზიონში იასპარეზებს.
ტრიესტს ახალხან დასრულებული ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ხატიაშვილმა იტალიურ “ბასანოსთან” (70:66) 28:45 წუთში 17 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა, “ტრიესტთან” (65:50) 29:37 წუთში 9 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება ჰქონდა, სლოვენიურ “ცედევიტასთან” (77:68) კი 37:02 წუთში 20 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.
ფინალურ მატჩში, ფავორიტად შერაცხულ მადრიდის “რეალთან” მათემ 32:31 წუთში 22 ქულა, 5 მოხსნა 5 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა გამთამაშებელმა 13-დან 6 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, თუმცა უარყოფითზეც უნდა ვთქვათ – ბურთი 9-ჯერ დაკარგა.
“ბასკონიაში” ითამაშა კიდევ ერთმა ქართველმა – ნიკა თანანაშვილმა “ბასანოსთან” 2 ქულა ჩააგდო, “ტრიესტსთან” – 4, “ცედევიტასთან” უქულოდ დარჩა, ხოლო “რეალთან” 2 ქულა მოაგროვა.
მათე ხატიაშვილი გამთამაშებლის პოზიციაზე საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლება და ის, კიდევ ერთ ტალანტთან, ტანმაღალ ათუკა ბახტაძესთან ერთად გასულ ზაფხულს საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც იყო გამოძახებული. 14 და 15 წლის ბიჭებმა რამდენიმე ვარჯიში ჩაატარეს ეროვნული ნაკრების წევრებთან ერთად და მწვრთნელთა შტაბის მოწონებაც დაიმსახურეს.
ხატიაშვილს კვლავ უწევს 16-წლამდელთა ნაკრებში თამაში და მომავალ ზაფხულს საქართველოს ნაკრებს A დივიზიონში დაეხმარება, ხოლო ბახტაძეს, რომელიც კაუნასის “ჟალგირისის” წევრია, უკვე 18-წლამდელთა ნაკრები უხმობს.
GBF.GE