მათე დევიძე ნიკოლოზ ჯავახიშვილს: ჩვენ სულიერი ძმები ვართ. ეს თვითონაც თქვა, მაგრამ მინდა, რომ მეც ვუთხრა

გთავაზობთ მათე დევიძის წერილს, რომელშიც ის აღწერს განაჩენის დღის ემოციებს, იხსენებს პოლიტპატიმარ ნიკოლოზ ჯავახიშვილთან შეხვედრას.
„ჩვენ სულიერი ძმები ვართ. ეს თვითონაც თქვა, მაგრამ მინდა, რომ მეც ვუთხრა. ჩვენ ის ვიგრძენით, რასაც ლეგენდების პერსონაჟები გრძნობენ და ამას ვერავინ წაგვართმევს. ჩვენ ყოველთვის ერთად ვიდგებით.“
⭕️ იხილეთ წერილი სრულად:
💬„მარია
არა მიშავს, კარგად ვარ. შენ როგორ ხარ? მეც გიცნობ, პირადად. მაშინ გაგიცანი, როცა განაჩენის მერე, გამოსვლისას გოგოს ვხედავდი ზედაზე დატანილი წარწერით – „FUCK OFF”. ეგრევე მივხვდი, ვინმე ჩვენიანი იქნება-თქო. სახეზე არ გიცნობდი, მარა მერე ტელევიზორში გნახე, ხმა კი გავიგე, მაგრამ სიტყვები ვერ გავარჩიე.
სანამ საკანში არ მივედი, არ ვიცოდი, რამდენი მომისაჯეს. მთელი გზა ვფიქრობდი, ჩემს თავს ველაპარაკებოდი: თუ აქ ვზივარ, ესე იგი, მომისაჯეს… თუ ფორმალურად მივყავარ… ნივთებისთვის… მოკლედ, ყველაფერი ვიფიქრე… რაც შეიძლებოდა, თუ არა.
ნიკას ჩანაწერს მოვუსმინე და ცრემლები მომდიოდა. ძალიან მინდოდა, ხმა სწრაფად მიმეწვდინა. შეგიძლია, გადასცე? – რომ ჩვენ სულიერი ძმები ვართ. ეს თვითონაც თქვა, მაგრამ მინდა, რომ მეც ვუთხრა. ჩვენ ცხოვრებამ მხოლოდ ერთხელ 10-15 წუთი შეგვახვედრა, ფიზიკურად.
ბევრი ვერ ვისაუბრეთ, მაგრამ ეს ყველა იქ მყოფმა ვიგრძენით. ჩვენ ერთად ვიბრძვით, ერთი იდეისთვის და ეს იდეა იმაზე წმინდაა, ვიდრე რეალურად შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ. ჩვენ ის ვიგრძენით, რასაც ლეგენდების პერსონაჟები გრძნობენ. და ამას ვერავინ წაგვართმევს. დაგვშლიან, დაგვანაწევრებენ, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ერთად ვიდგებით.
მაპატიე, მეტი ფურცელი არა მაქვს, ამიტომ აქ მიწევს წერის დასრულება – ყველაფერი კარგად იქნება.
სრული სვლით თავისუფლებისკენ!
ყველა ძალიან მიყვარხართ
მათე დევიძე“