“კიბოს სუნთქავს მთელი ერი უკვე ორი კვირაა და ზოგიერთისთვის N1 პრობლემა მაინც ისაა, რომ რუსთაველი იკეტება
თუ აქამდე თქვენს დებილ თავებამდე ვერ დავიდა, მათ შორის მაგიტომაც იკეტება რუსთაველი, რომ ბოლო ორი კვირაა არცერთი პასუხისმგებელი პირისგან განცხადება არ მოგვისმენია პრევენციულ ზომებთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა დაიცვან თავი ადამიანებმა ამ დონის ჰაერის დაბინძურებისგან
ჰაერის დაბინძურების ეს ბოლო შემთხვევა არაა უნიკალური და ერთადერთი, რუსთაველი იმიტომ იკეტება, რომ ყველაფერი ყარს ამ ქვეყანაში და ყველა სფერო დაბინძურებულია
არც მე და არც არავინ რუსთაველზე მხოლოდ ჩვენი პირადი კეთილდღეობისთვის არ ვდგავართ. ყველა ჩვენგანის მიზანი ცალსახაა – არ გვკლავდეს “კიბო” ყველგან, ყველა სფეროში, ყველა მეთოდით” – წერს სოციალურ ქსელში აქტივისტი, მათე ბაღაშვილი.
ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით გუშინ განცხადება გაავრცელა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ:
„ატმოსფერულ ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მატება განაპირობა ქვეყანაში უდაბნოს მტვერის მასების გავრცელებამ. სიტუაცია გაუმჯობესდება შესაბამისი მეტეოროლოგიური პროცესების განვითარებისთანავე“, – განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარინა არაბიძე.
გარემოს ეროვნული სააგენტო 18 ავტომატური სადგურის საშუალებით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ახორციელებს.
„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) მომატებული კონცენტრაცია კვლავ შეინიშნება, რაც განპირობებულია სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან მტვრის მასების გავრცელებით. როგორც იცით, ბოლო პერიოდში არ დაფიქსირებულა ნალექი წვიმის ან თოვლის სახით, ასევე არ დაფიქსირებულა ქარი, რამაც განაპირობა დაბინძურების შენარჩუნება. საქართველოს ტერიტორიაზე უდაბნოს მტვრის მასების გავრცელება წლის განმავლობაში პერიოდულად ფიქსირდება. სიტუაციის გაუმჯობესება დამოკიდებულია შესაბამისი მეტეოროლოგიური პროცესების (წვიმა, თოვლი, ქარი) განვითარებაზე” | ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში




