“მადლობელი ვარ პრეზიდენტი პაველის მხარდაჭერისთვის კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მოლოდინში”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს და პეტრ პაველთან შეხვედრასა და ჩეხეთში ვიზიტს ეხმაურება.
“მადლობელი ვარ პრეზიდენტი პაველის სრული და ურყევი მხარდაჭერისთვის, იმ დროს, როდესაც ამ კვირაში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადამწყვეტ გადაწყვეტილებას ველოდებით. საქართველოს პრეზიდენტის ეს ისტორიული პირველი ოფიციალური ვიზიტი ჩეხეთში ჩვენს ერებს შორის ურყევი კავშირის აღმნიშვნელია”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
Grateful to @prezidentpavel 🇨🇿 for full & steadfast support as we await a crucial decision this week on Georgia’s candidacy status 🇬🇪🇪🇺
This historic first official visit of the President of Georgia to the Czech Republic signifies the unwavering bond between our nations 🇬🇪🤝🏻🇨🇿 pic.twitter.com/RNC2sunI7Y— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) December 11, 2023
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა დღეს ჩეხეთში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო, რომელიც საქართველო – ჩეხეთის 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების პერიოდში, პირველი ოფიციალური ვიზიტია.
დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, რომელიც პრაღის სასახლეში გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტი ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრებზე საუბარი შეეხო ევროკავშირის გაფართოებას, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ქვეყნის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით იმ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ევროპული საბჭოსგან სულ რამდენიმე დღეში ელოდება.
მათივე ინფორმაციით, ჩეხეთის პრეზიდენტმა მკაფიო მხარდაჭერა დააფიქსირა საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების პროცესში და საქართველოს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. “ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ყველა ევროპულ ქვეყანას, რომლებიც ჯერჯერობით ამ სისტემის მიღმა არიან და მივცეთ იმედი“, – განაცხადა პეტრ პაველმა.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტმა დღეს შეხვედრა გამართა ასევე, დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე მარკეტა პეკაროვასთან.
პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ჩეხეთის რესპუბლიკაში 12 დეკემბერს დასრულდება.