ირაკლი კობახიძე მადლობას უხდის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ბიძინა ივანიშვილის ყოფილი „პირადი ფინანსისტის“, გიორგი ბაჩიაშვილის „დაკავების ოპერაციისათვის“, თუმცა დეტალებზე არ საუბრობს.
„მე ზოგადად შემიძლია მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იმისათვის, რომ ოპერაცია წარმატებით ჩატარდა, სათანადოდ ჩატარდა“, – განაცხადა კობახიძემ 27 მაისს ჟურნალისტებთან საუბრისას.
მას არ დაუზუსტებია, რას გულისხმობდა „ოპერაციაში“, – იმ ფონზე, როდესაც სუს-მა განაცხადა, რომ 26 მაისს „ანონიმური შეტყობინებით“ გაიგო, რომ ბაჩიაშვილი სასაზღვრო ზონაში გადაადგილდებოდა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებით სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფა, სამართლის აღსრულება, კანონის აღსრულება და ბუნებრივია სამართალდამცავი ორგანოები არიან მოწოდების სიმაღლეზე“, – თქვა კობახიძემ.
მან თქვა, რომ ვერ ისაუბრებს დეტალებზე – როგორ აღმოჩნდა ბაჩიაშვილი „მწვანე ზონაში“; „ვერცერთ დეტალზე მე ვერ გაგცემთ პასუხს“, – უთხრა მან ჟურნალისტებს და ისინი სუს-თან გადაამისამართა.
კობახიძის თქმით, დეტალებთან დაკავშირებით სუს-ის „თავად გაავრცელებს ინფორმაციას“ – „საჭიროების შემთხვევაში“.
ჟურნალისტების დამაზუსტებელ კითხვაზე, ადასტურებს თუ არა გავრცელებულ დაუზუსტებელ ცნობებს, რომლის თანახმადაც სწორედ ბაჩიაშვილის არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან შესაძლო ექსტრადიციას უკავშირდებოდა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციიდან ზურაბ პოლოლიკაშვილის გამოწვევა და პოლოლიკაშვილის ნაცვლად საამიროების კანდიდატის მხარდაჭერა, კობახიძემ თქვა:
„ეს არის მრავალმხრივ შეურაცხმყოფელი ვერსია, ასე ვთქვათ და არასწორია ასეთი ვერსიების გავრცელება… პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნის მიზეზი იყო ის, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფოს“.
ბიძინა ივანიშვილის ყოფილი „პირადი ფინანსისტის“ მოულოდნელი დაკავების შემდეგ, მისი ადვოკატი გლდანის ციხეში მივიდა და ვარაუდობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი იქ იმყოფება.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს, 27 მაისს განაცხადა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს მას შემდეგ, რაც:
„26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი”.
წითელ ხიდსა და სადახლოს შორის დაახლოებით 20 კმ-იანი მონაკვეთია. სუს-ი არ აზუსტებს, სომხეთის საზღვართან იყო ის თუ აზერბაიჯანის.
რამდენიმე საათით ადრე, სანამ ბაჩიაშვილის დაკავების ამბავი გასაჯაროვდებოდა, გამოცემა „გარდიანში“ გამოქვეყნდა გიორგი ბაჩიაშვილთან ინტერვიუ; მიმალვაში მყოფი ბაჩიაშვილი აცხადებდა, რომ ორი ქვეყნის სპეცსამსახურების ცნობით, მისი მკვლელობის ბრძანებაა გაცემული.
„[ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურებმა] მითხრეს, რომ განა უბრალოდ რისკს ხედავენ, არამედ იციან, რომ ეს [ჩემი მკვლელობის] ბრძანება გაცემულია“, – ამბობს ბაჩიაშვილი.
გამოცემის ცნობით, ის ასევე ვარაუდობდა, რომ ამის უკან ბიძინა ივანიშვილი არ დგას:
„ვშიშობ, ეს [ბრძანება] შეიძლება მოდიოდეს საიდუმლო სამსახურებისგან ან რომელიმე ქვეყნის გარკვეული ძალებისგან, რომელთაც სურთ ივანიშვილის უფრო დასუსტება. თუ მას მკვლელობას „შეტენიან“, მაშინ გაცილებით ნაკლები შანსი იქნება იმისა, რომ ივანიშვილს აშშ-სთან ნორმალური დიალოგი ჰქონდეს“.
ფორუმი
